მოსამართლემ ბრალდებულებთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო

მოსამართლემ ბრალდებულებთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო

ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმის პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების თაობაზე სწორი გადაწყვეტილებაა.

როგორც აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესის შემდეგ პროკურორმა აღნიშნა, ბრალდების მხარემ წარმოადგინა ყველა შესაბამისი არგუმენტი, რის საფუძველზეც ბრალდებულებისთვის პატიმრობას ითხოვდა.

ამასთან, პროკურორმა აღნიშნა, რომ საქმის მოწმე ედუარდ სინდოიანი არ არის ერთადერთი მოწმე, რომლის ჩვენების საფუძველზეც საქმე გაიხსნა.

ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ ბრალდების მხარის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ გამოძიება გრძელდება და თუკი ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება, პასუხისგებაში მიეცემა.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე პროკურატურამ 11 პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

დაკავებულები არიან: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე.

ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ.

დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის, მისი ორგანიზებისა და მტკიცებულებების ფალსიფიცირების მუხლებით წარუდგინეს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის "ა", "ზ" და "თ" ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.