ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავას დაკავებულის სტატუსი აქვს

ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავას დაკავებულის სტატუსი აქვს

ადვოკატ კახა შონიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ირაკლი ფირცხალავას დაკავებულის სტატუსი აქვს. როგორც ადვოკატმა მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ინფორმაციით, ფირცხალავა დღეს 09:30 საათზე დააკავეს, მას ხელბორკილები დაადეს და განუმარტეს უფლებები.

"დაკავებაში სხვა არაფერი იგულისხმება. ირაკლი ფირცხალავა არის დაკავებული ამ დროისთვის", - განაცხადა შონიამ.

რაც შეეხება კახა ნაკანს, რომლის უფლებებს ასევე კახა შონია იცავს, ნაკანის სტატუსის შესახებ მისთვის უცნობია. ადვოკატის განმარტებით, დაკავებულია თუ არა კახა ნაკანი ამას მას შემდეგ გაარკვევს რაც პროკურატურაში შევა. ნაკანისა და ფირცხალავას ადვოკატი აცხადებს, რომ იგი ზარს ელოდება, რის შემდეგაც პროკურატურის შენობაში შეუშვებენ.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული არიან კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კახა ნაკანი, აგრეთვე კიდევ სამი უყოფილი სპეცრაზმელი, სულ ექვის პირი.

ოფიციალური განცხადება დაკავებების შესახებ ჯერ არ გაკეთებულა.