"ვაზაგაშვილის საქმეში პროკურატურა ვის ბრალეულობასაც გამოკვეთს, ყველა დაისჯება"

შს მინისტრის ვახტან გომელაურის თქმით, სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელზე პროკურატურას ეჭვი აქვს, თუმცა ვიდრე გამოძიება ბრალეულობას არ დაადგენს, მათ სამსახურიდან გათავისუფლებას გომელაური არ აპირებს.

ამასთან, როგორც გომელაური გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" საუბარში აცხადებს, იური ვაზაგაშვილმა რამდენიმე ადამიანი დაასახელა, რომლებიც მისი ინფორმაციით, ზურა ვაზაგაშვილის საქმეში ფიგურირებდნენ და ეს ადამიანები შსს-დან დაითხოვეს.

"მიმდინარეობს გამოძიება, მე ბრალს ვერავის დავდებ, თუნდაც ვაზაგაშვილის საქმე ავიღოთ. თუ ვინმეს მიმართ ბრალი გამოიკვეთება, მის მიმართ კანონი აღსრულდება. ბრალს უყენებს პროკურატურა, ეჭვის დონეზე, ჩვენ რომ ადამიანები სამსახურიდან გავათავისუფლოთ, სწორი არ იქნება. ბატონმა იური ვაზაგაშვილმა დაასახელა რამდენიმე პირი და კატეგორიულად ითხოვდა, სამსახურიდან მათ დაუყოვნებლივ განთავისუფლებას. მათ გვარებს აღარ გავიმეორებ, უკვე ყველამ იცის, მოხდა მათი სამსახურებიდან განთავისუფლება, დანარჩენების შემთხვევაში, თუკი პროკურატურა გამოკვეთს, რომ ისინი არიან დამნაშავენი, ყველა დაისჯება. ისიც კი დაგვაბრალეს, რომ ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება შს სამინისტრომ დაიწყო და შემდეგ პროკურატურამ წაიღო, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. თავიდანვე პროკურატურამ დაიწყო საქმის ძიება",-განაცხადა გომელაურმა