ოთარ მირზოევი - ვნანობ, რომ იური ვაზაგაშვილის დაღუპვამდე არ წავედი თანამდებობიდან

ოთარ მირზოევი - ვნანობ, რომ იური ვაზაგაშვილის დაღუპვამდე არ წავედი თანამდებობიდან

ვნანობ, რომ იური ვაზაგაშვილის დაღუპვამდე არ წავედი თანამდებობიდან, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოთარ მირზოევი აცხადებს, რომელსაც ვაზაგაშვილების ოჯახი სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩაცხრილული ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში ადანაშაულებს და მის დასჯას მოითხოვს. 

როგორც მირზოევი აცხადებს, სპეცოპერაციის დღეს "ერთი ტყვიაც" არ უსვრია და კორტებთან ხელმძღვანელობის დავალებით მხოლოდ შემთხვევის ადგილს იცავდა.
ამასთან, მისივე განმარტებით, ბევრჯერ უფიქრია ვაზაგაშვილების ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე, მაგრამ კოლეგები ურჩევდნენ, რომ მათგან ეს არ გამოვიდოდა.

"ეჭვი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვერდიქტი გამოუტანო ადამიანს. იური ვაზაგაშვილი თავიდან ამბობდა ჩემზე, მკვლელიაო, მერე თქვა, მკვლელობის მონაწილეა და ჩემს შვილს დალაქიშვილმა ესროლაო. რამდენიმე დღის წინ კი წერილი გამოაქვეყნეს, სადაც ვაზაგაშვილი ამბობს, პირველად მირზოევმა გაისროლაო, რაც აბსურდია... ერთი ტყვიაც არ მისვრია, შვილების სიცოცხლეს ვფიცავარ. ვაზაგაშვილების გულისთვის შვილებს არ დავიფიცებ... მე ჩემი ხელმძღვანელის ბრძანებას ვასრულებდი – შემთხვევის ადგილს ვიცავდი", - აცხადებს ოთარ მირზოევი.

კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე სპეცოპერაციის სურათსაც იხსენებს და განმარტავს, რომ "ყველაფერი წამებში დამთავრდა".

"წინა დღეს ხელმძღვანელმა დამირეკა, დილით ადრე უნდა მოხვიდე სამსახურში, ვინაიდან დამნაშავეთა ასაყვანი ღონისძიების ჩატარებას ვაპირებთო. როდესაც ობიექტზე მივედი, შევიტყვე, რომ ეს ჯგუფი ერთ-ერთ მისამართზე საყაჩაღოდ უნდა მისულიყო. ამ ღონისძიებას სხვა განყოფილება ატარებდა და ვინაიდან დამხმარე განყოფილება ვიყავით, ზუსტად არც ვიცოდით, ვისთან და რასთან გვქონდა საქმე. იმხანად ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტორად ვმუშაობდი. სპეცოპერაციაში დაახლოებით 150 პოლიციელი მონაწილეობდა. თრილერებში რომ გინახავთ სროლა, ისეთი სიტუაცია იყო კორტებთან. წამებში ხდებოდა ყველაფერი. ერთადერთი, რაც შევნიშნე, ის იყო, რომ პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ბიჭების დასაკავებლად მიდიოდა, მათმა მანქანამ დაარტყა და წაიქცა. გაელვებასავით დავინახე, მანქანის მინა რომ გაიბზარა. ამ დროს რაციაზე ფირცხალავას ხმა გაისმა: "გვესროლეს, დააცადეთ სპეცრაზმს!" – და დაიწყო საშინელი სროლა ორივე მხრიდან", - აღნიშნავს კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე.

რაც შეეხება იური ვაზაგაშვილის მკვლელობას, ოთარ მირზოევი შეფასებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ როცა ეს მოხდა, იმ დღეს სამსახურიდან, შენობიდან არ გასულა.
"ისიც კი არ ვიცოდი, რომ ზურა ვაზაგაშვილი კასპში იყო დასაფლავებული. ვნანობ, რომ სანამ იური ვაზაგაშვილი დაიღუპებოდა, მანამდე რატომ არ წავედი თანამდებობიდან. სალაპარაკო არ გახდებოდა, რომ მაღალ თანამდებობაზე ვიყავი", - განმარტავს მირზოევი და შეკითხვაზე, რამდენად ელის მის დაკავებას, განმარტავს, რომ თუ დანაშაულს დაუმტკიცებენ, დააკავონ.
"არსად მივდივარ, თუ საჭიროდ ჩათვლიან და დანაშაულს დამიმტკიცებენ, დამაკავონ. მე ის ვიცი, რომ არაფერი დამიშავებია", - აცხადებს ოთარ მირზოევი.