კონსტანტინე ქავთარაძემ და მალხაზ მიქელაძემ სამშობლოში დაბრუნება როტაციის ვადა ამოწურვის გამო ითხოვეს

კონსტანტინე ქავთარაძემ და მალხაზ მიქელაძემ სამშობლოში დაბრუნება როტაციის ვადა ამოწურვის გამო ითხოვეს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩებს - კონსტანტინე ქავთარაძესა და მალხაზ მიქელაძეს როტაციის ვადა ამოეწურათ და სამშობლოში დაბრუნება ისურვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რამდენიმე სხვა ელჩს, რომლებსაც ასევე ამოეწურათ როტაციის ვადა, იგი 6 თვით ან 1 წლით გაუგრძელდა.

"ორივე ელჩს – კონსტანტინე ქავთარაძეს და მალხაზ მიქელაძეს ადგილსამყოფელ ქვეყანაში როტაციის ოთხწლიანი ვადა ამოეწურათ და როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში, ჩვენი შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, პრეზიდენტის მიერ იწერება მათი გათავისუფლების შესახებ ბრძანება. ასევე, მიმდინარე წელს რამდენიმე ელჩს ამოეწურა როტაციის ვადა, მაგრამ მათივე თანხმობით, ზოგ შემთხვევაში - 1 წლით, ზოგ შემთხვევაში კი 6 თვით როტაციის ვადა გაგრძელდა. რაც შეეხება ამ ორ კონკრეტულ ელჩს, მათ საქართველოში დაბრუნება ისურვეს და შესაბამისად, როტაციის ამოწურვის გამო შედგა გათავისუფლების ბრძანება, რაც ჩვეულებრივი პროცედურაა", - განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტში.

უწყებაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, კონსტანტინე ქავთარაძე და მალხაზ მიქელაძე სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გააგძელებენ მუშაობას თუ სხვა ქვეყანებში დაინიშნებიან ელჩებად.

შვედეთსა და ფინეთში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე და მექსიკაში საქართველოს ელჩი მალხაზ მიქელაძე თანამდებობებს დატოვებენ. მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წინადადებით მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტს უკვე მიმართა.