მომავალ კვირას პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება

მომავალ კვირას პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება

მომავალი კვირიდან პარლამენტი მუშაობას საგაზაფხულო სესიის ფორმატში განაახლებს. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება. საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს ბიუროს სხდომით გაიხსნება. არსებული ინფორმაციით, მომავალ კვირასვე გაიმართება პარლამენტის პლენარული სხდომები.

უკვე ცნობილია ის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც პარლამენტს საგაზაფხულო სესიის განმავლობაში მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება მოუწევს – დღის წესრიგში დგას რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც ცესკოს ვაკანტურ ადგილებზე ასარჩევ პირებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს ეხება. პარლამენტი სავარაუდოდ, სწორედ საგაზაფხიულო სესიის განმავლობაში აირჩევს უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს და მასთან ერთად, ორ მოსამართლეს.

რაც შეეხება კანონპროექტებს, პარლამენტში განსახილველად წარდგენილია 41 პროექტისგან შემდგარი პაკეტი, რომელიც პენიტენციური სისტემის რეფორმირებას ითვალისწინებს. დღის წევრიგში დგას ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიღების საკითხი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ყიდვას ეხება. სავარაუდოდ, ხმაურიანი განხილვები გაგრძელდება სატელევიზიო რეკლამასთან დაკავშირებით ინიცირებული პროექტის გარშემო.

გარდა ამისა, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით პრეზიდენტი მივა. წინასწარი ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს 18-20 თებერვალს მოუსმენენ.