"ვისჯებით ჩვენი სუვერენული, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისთვის"

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრი სიტყვით გამოვიდა პანელზე „ერთიანი და თავისუფალი ევროპისკენ“. სადისკუსიო პანელს ასევე უძღვებოდნენ სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, პოლონეთის სეიმის მარშალი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და მოწვეული ექსპერტები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სადისკუსიო პანელზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ თანამედროვე სამყარო საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპებისა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის დარღვევის მოწმეა.

რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს უსაფრთხოების, მისი დემოკრატიული განვითარების გარანტი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა.

"ქართველებისათვის  ეს გახლავთ ეროვნული იდეა და ისტორიული არჩევანი, რომელსაც მხარს უჭერს ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და ასევე პოლიტიკური ელიტა, აღნიშნულის გამო  საქართველო გამორჩეულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მონაწილე ქვეყნებში", - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ ბოლო წლების განმავლობაში მიღწეულ პროგრესზე.

 ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას თამარ ბერუჩაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და აღნიშნა რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეჟიმებთან ე.წ. შეთანხმების გაფორმებით საქართველოს ტერიტორიების ანექსიას ეწევა.

"უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, მიუხედავად მისი სიმწვავისა, არ შეიძლება განვიხილოთ იზოლირებულად, ეს გახვალთ რუსული სცენარის ნაწილი, გააფართოვოს მისი დომინირება რეგიონში და შექმნას ახალი ე.წ. გავლენის სფეროები. ჩვენ ყველანი ვისჯებით ჩვენი არჩევანისთვის, ჩვენი სუვერენული  ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისთვის.“-აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რიგის სამიტზე და ამ მხრივ საქართველოს მიზნებსა და ამოცანებზე. ბერუჩაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მიუხედავად ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორი სახელმწიფოების წინაშე არსებული გამოწვევებისა, რიგის სამიტი იქნება კონკრეტული შედეგების მომტანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის, რაც საქართველოსთან მიმართებაში, არის სავიზო დიალოგში არსებული პროგრესის ადეკვატური ასახვა და ასევე მკაფიო ევროპული პერსპექტივის დაფიქსირება ევროკავშირის მხრიდან, რაც მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება. 

ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში გამართული დისკუსია ორგანიზაციისა და ლატვიის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ინიციატივით შედგა. დისკუსიის მთავარი საკითხი ევროპაში განვითარებული პროცესები და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა იყო.