გლდანში არსებული N8 საპყრობილიდან, რომლის გვერდზეც არის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N18 სამკურნალო დაწესებულება (ამ ორ დაწესებულებას ერთიდაიგივე შესასვლელი აქვს), გასულ შაბათ-კვირას 3 პატიმარი გამოასვენეს. ერთ-ერთი მათგანი 44 წლის ვასილ ყურაული გახლდათ. ის სასჯელს 2011 წლის 11 მარტიდან საარყე ქვაბის ქურდობისთვის იხდიდა; 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
ტელეფონით ვესაუბრე: ადვოკატ მამუკა ნოზაძეს; ვასილ ყურაულის დეიდას, ბებისა ხუციშვილს და მისი უფლებების დამცველ ადვოკატს, მაგული გოგოლაძეს. ნათესავი ამბობს, რომ პატიმარი ნაცემი და გაუბედურებულია, ხოლო ადვოკატი მხოლოდ პატიმრის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას; ადვოკატი მამუკა ნოზაძე კი, რომელიც ამავდროულად უფლებადამცველია, მიიჩნევს, რომ ყურაულის ოჯახმა კომპენსაცია უნდა მოითხოვოს, რადგან სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ეფექტური მკურნალობა და ჯანმრთელობის უფლების დაცვა.
კვირას, 22 იანვარს დღის მეორე ნახევარში შემატყობინეს, რომ შაბათ ღამეს გლდანის ციხიდან ორი პატიმარი გამოასვენეს. რადგან დასვენების დღე იყო, დეტალების დაზუსტება ვერ შევძელი. ორშაბათს შევიტყვე, რომ წინა დღეს ამავე საპატიმრო დაწესებულებიდან კიდევ ერთი პატიმარი გამოასვენეს. სარწმუნო წყარომ გარდაცვლილების შესახებ იცოდა მხოლოდ ის, რომ ერთ-ერთი ძალიან ახალგაზრდა, დაახლოებით 22 წლის იყო.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის გადამოწმება რამდენიმე ადამიანს ვთხოვე; მათ შორის ერთ-ერთი ადვოკატი მამუკა ნოზაძე გახლდათ. ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში მას ხელმეორედ შევეხმიანე და მისგან გავიგე ერთ-ერთი გარდაცვლილის და მისი უფლებების დამცველი ადვოკატის ვინაობა. როგორც მამუკა ნოზაძემ მითხრა, მსჯავრდებული ვასილ ყურაული მძიმე ავადმყოფი იყო.
“ეს პატიმარი რეანიმაციაში იყო მოთავსებული. მისი ადვოკატი ჩემგან იღებდა კონსულტაციებს; სამჯერ დაწერა განცხადება ქალაქის ტიპის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, მაგრამ ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა. როგორც პატიმრის თანასოფლელმა მითხრა, ვასილ ყურაული სასჯელს საარყე ქვაბის ქურდობისთვის იხდიდა. აქედან ჩანს სახელმწიფოს პოლიტიკა წვრილმან დანაშაულზე როგორ წირავენ ხალხს. ხომ შეიძლებოდა ზარალის ანაზღაურების შემდეგ ეს ადამიანი გამოსაცდელი ვადით გამოეშვათ?! აი, ეს არის ნულოვანი ტოლერანტობის შედეგი. მაშინ, როცა ვისაც ფული აქვს და საშიში დამნაშავეა, ყველას გარეთ უშვებენ. ანუ დღეს არის მდიდრების სამართალი“, - ამბობს ადვოკატი მამუკა ნოზაძე და იქვე დასძენს, რომ ვასილ ყურაულისთვის თავიდანვე, რომ ემკურნალათ, სავალალო შედეგი არ დადგებოდა.
“მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, რომ გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა უკვე დამძიმებული იყო. ციხეებში საერთოდ არანაირი სამედიცინო მომსახურება არ არსებობს; მხოლოდ მედიკამენტის მიწოდება არ არის ეფექტური მკურნალობა. ვასილ ყურაულის ოჯახმა აუცილებლად უნდა მოითხოვოს კომპენსაცია, რადგან სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ეფექტური მკურნალობა და ჯანმრთელობის უფლების დაცვა. იმედია საზოგადოებრივი მოძრაობა პატიმართა სიკვდილიანობის და შექმნილი მძიმე მდგომარეობის თაობაზე პროტესტს მაინც გამოხატავს. ეს ყველას მოვალეობაა. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ არის გარდაცვლილი“, - ამბობს მამუკა ნოზაძე.
მასთან საუბრის შემდეგ ვასილ ყურაულის უფლებების დამცველ ადვოკატს, მაგული გოგოლაძეს დავურეკეთ. მან გვითხრა, რომ ვასილ ყურაულის საქმეში მოგვიანებით ჩაერთო. ადვოკატის განმარტებით, ვასილ ყურაული ქსნის საპატიმროდან ციხის სამკურნალო დაწესებულებაში 2012 წლის 5 იანვარს, “ვეტებროვაზილარული უკმარისობის“ დიაგნოზით გადაიყვანეს. ადვოკატის განმარტებით ვასილ ყურაული 2011 წლის 11 მარტს დააკავეს, მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
რაც შეეხება იმას, ვასილ ყურაულს ჰქონდა თუ არა ჯანმრთელობის პრობლემები დაკავებამდე, ადვოკატი მაგული გოგოლაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავებამდე “ვენების ვარიკოზული დაავადება“ აწუხებდა. ქსნის საპატიმროში ყოფნისას კი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა და ადვოკატის მიერ დაწერილ განცხადებაზე რეაგირება მეორე დღესვე მოახდინეს - “ქსნაში ვიყავი, ავადმყოფის სანახავად. განცხადება იქვე დავწერე და პატიმარი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მეორე დღესვე გადაიყვანეს“.
კითხვაზე - პატიმარი ნაცემი ხომ არ იყო? ადვოკატ მაგული გოგოლაძის პასუხი ასეთია:
“პატიმარს რამდენიმეჯერ შევხვდი და არანაირი ცემის კვალი არ ეტყობოდა. ყველანაირი მკურნალობა უტარდებოდა. აპარატზე იყო შეერთებული, ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ გადაყვანილი. მას თავის ტვინის ანთებითი პროცესი ჰქონდა. ჩემთვის არ უთქვამს, რომ ვინმემ სცემა. ნაცემი რომ ყოფილიყო, მივმართვადი “ემპათიას“ და სახალხო დამცველს, მაგრამ ნაცემი ნამდვილად არ იყო.
სანამ სამკურნალო დაწესებულებაში გადავიდოდა, მაშინაც არ უთქვამს, რომ ვინმემ სცემა, ან ვიღაცამ რაღაც დაუშავა. უბრალოდ, მუხლი ჰქონდა დაშავებული, სახსრები აწუხებდა. ქსანში, რომ შევხვდი, მითხრა “ხშირად ვიქცევი სახსრების გამოო“. ვეტებროვაზილარული უკმარისობის დიაგნოზი, რომ დაუდგინდა, ქალაქის ტიპის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით განცხადებები დავწერე და დავტოვე. 20 იანვარს ექსპერტიზის ბიუროსთან ხელშეკრულება გავაფორმეთ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დღეს, 23 იანვარს უნდა ჩატარებოდა, მაგრამ კვირას მისი ოჯახის წევრებმა დამირეკეს და მითხრეს გარდაიცვალაო“.
რამდენიმე კითხვაზე გარდაცვლილი პატიმრის დეიდამ, ბებისა ხუციშვილმა ასეთი პასუხი გამცა:
ცხედარი რა მდგომარეობაშია?
ბებისა ხუციშვილი: ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.
არის თუ არა ნაცემი?
- ნაცემიც არის და ყველაფერი, ალბათ.
რამდენი წლის იყო?
- 44-ის.
რა აწუხებდა, რატომ იყო ციხის საავადმყოფოში?
- თავი აწუხებდა ისე, რომ გიჟდებოდა, მაგრამ ყურადღება არავინ არ მიაქცია. სულ ტყუილები დაწერეს. დღეს ექსპერტიზა უნდა ჩაგვეტარებინა და გუშინ თქვეს მოკვდა, დაიღუპაო. ბოლოს როდის შევხვდით? - სულ მანდ ვიყავით, მაგრამ ვინ შეგვახვედრა?! გვეუბნებოდნენ, არც ადვოკატის შესვლა შეიძლება და არც არავისიო. უსინდისო დირექტორი, დავწერ და ვიტყვი. მაგას მაინც მოვუვლი. ორმეტრიანი ბიჭი იყო და ახლა გამხდარი და გაუბედურებულია.