"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ პუტინის რუსეთი გაახსენა, - ამის შესახებ ალასანიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.
"მთავარი, რაც მე ყურში მომხვდა იყო ის, რაც მან თქვა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე. ჩამოთვალა გვარები, რომ მათ შესწავლას აპირებს. პირდაპირ გამახსენდა პუტინის რუსეთი, როდესაც იერიშის მიტანა რუსეთში დაიწყო სწორედ იმ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებზე, რომლებზეც რეალურად განვითარება, დემოკრატიული საზოგადოება დგას. ერთის მხრივ, საუბრობს, რომ ის გადავიდა საზოგადოებრივ სარბიელზე, რომ აქედან გასწიოს საზოგადოებრივი კონტროლი და სინამდვილეში იმას სპობს და იმას ურტყამს, რაზეც დგას ზოგადად, საზოგადოებრივი კონტროლი", - განაცხადა ალასანიამ.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის თქმით, მისთვის დამაფიქრებელია ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილს სიტყვაც კი არ უხსენებია იმ ორგანიზაციებზე, "რომლებიც ბოლო პერიოდში რუსეთის დაფინანსებით სოკოებივით ამოიზარდა". "იქნება ეს "ევრაზიული კავშირი" თუ ა.შ. მაგათზე არ საუბრობს. ეს ჩემთვის ნიშანდობლივი იყო", - აღნიშნა ალსანიამ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში ჭარბად იყო არასერიოზული განცხადებებები, განსაკუთრებით, კი ლართან და ეკონომიკასთან დაკავშირებით.
"მე ასე ჩავთვალე, რომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, თუ რამდენ ადამიანს აქვს კრედიტი სწოედ უცხოურ ვალუტასა და დოლარში. ათასობით ჩვენი მოქალაქე დღითიდღე ღატაკდებოდა, როდესაც სახელმწიფო არ ერეოდა შესაბამისად, რომ დაეჭირათ ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა", - განაცხდა ალასანიამ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაფუძნებული საზოგადოება არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების – ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის და კახა კოჟორიძის საქმიანობასთან დაკავშირებით კვლევაზე მუშაობს. ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ "მთავრობაზე დიდ არასამთავრობოებთან" შეკითხვები აქვთ.
"არასამთავრობოებზე ცალკე კვლევას ვაკეთებთ - მთავრობაზე დიდი არასამთავრობოები რომ არიან, მათზე, უფრო სწორად პიროვნებეზე - ლომჯარიაზე, გიგაურზე, კოჟორიძეზე. ჩვენ საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე. ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს. თვითონ მათზე გვაქვს კითხვები, რამდენადაც ტაბუ დაადეს რაღაც საკითხებს - არასამთავრობოებს ვერ შეეხებოდით, ასევე ცდილობდნენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ გაგვეკრიტიკებინა", - განაცხადა ივანიშვილმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, რა შეკითხვები აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების აღნიშნულ წარმომადგენლებთან.