მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო ეროვნული ბანკია

მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო ეროვნული ბანკია

საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო არის ეროვნული ბანკი და ეს მისი ექსკლუზიური უფლებაა, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკი მომავალი კვირიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აპირებს.

როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფინანსთა სამინისტრო ეხმარება ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის მიზნების განხორციელებაში. "საქართველოში ფულადსაკრედიტო, ანუ მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო არის ეროვნული ბანკი და ეს მისი ექსკლუზიური უფლებაა. თავისთავად, ცხადია, რომ ეკონომიკურ პოლიტიკაზე როცა ვსაუბრობთ, ეკონომიკურ პოლიტიკაზე და ფისკალურ და მონეტარულ კოორდინაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, თავისთავად ცხადია, რომ ეროვნულ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს შორის არის კოორდინაცია. ჩვენ ხელს ვუწყობთ, რომ ლარი გამყარდეს, ანუ ვეხმარებით ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის მიზნების განხორციელებაში", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

რაც შეეხება სიტუაციას ლართან დაკავშირებით, ხადურის თქმით, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ლართან დაკავშირებული რყევები მსოფლიოში არსებულმა ტენდენციამ განაპირობა.

"ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ უფრო აქტიური იყოს. ჩვენის მხრივ არც დეკემბერში, არც იანვარში და არც უახლოეს თვეებში საქართველოს ბიუჯეტიდან ლარის კურსზე დაწოლა არ იქნება უარყოფითი. დღეს მთავრდება ზამთრის პირველი თვე და ამ თვის შედეგებით ბიუჯეტის საგადასახადო შემოსულობები არის გადაჭარბებით შესრულებული და ბიუჯეტის პროფიციტის, ანუ შემოსავლების გადაჭარბებამ ხარჯებზე 100 მილიონი ლარი შეადგინა. ჩვენ შესაბამისად ხელს ვუწყობთ, რომ ლარი გამყარდეს", - განაცხადა ხადურმა.

რაც შეეხება ინფლაციას, როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, იანვარში ინფლაციის მაჩვენებელმა 0% შეადგინა.