"თავისუფლების" ქართული სამსახურის განმარტებით, ინტერვიუში დაიწერა ის, რაც მინისტრმა თქვა

რადიო "თავისუფლების" ქართული სამსახურის ხელმძღვანელი დავით კაკაბაძე საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის მიერ რადიოს ვაშინგტონის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუზე განმარტებას აკეთებს.

როგორც "პირWელს" დავით კაკაბაძემ განუცხადა, ინტერვიუში დაიწერა ის, რაც თქვა მინისტრმა და რადიომ ინტერვიუს ინგლისური ვერსიაც დაახლოებით, ერთი საათის წინ გაუშვა ეთერში.

"ეს იყო ის, რაც თქვა მინისტრმა. ეს იყო ციტირება და მოგეხსენებათ, ახალ ამბებში ინტერპრეტაცია გამორიცხულია, რადგან თავად, ჟანრი ამას არ გულისხმობს",-განაცხადა დავით კაკაბაძემ. 

ცნობისათვის, საგარეო უწყების ინფორმაციით, რადიო „თავისუფლებამ“ მინისტრის სიტყვების ინტერპრეტირება მოახდინა.

უწყების სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, მინისტრი ვერ იტყოდა, რომ სავაჭრო საკითხებზე დიალოგი რუსეთთან შეწყვეტილია, რადგან ეს კომპეტენციის გათვალისწინებით, ერთჯერადად გადასაწყვეტი საკითხი არ არის.

"დავიწყოთ იქიდან, რომ დიალოგი შემოდგომიდან არ შემდგარა და თავისთავად, თუ რაღაც არ ხდება, საუბარიც არ მიმდინარეობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ვალდებულებები, ან შეთანხმებები და სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც ადრე შეთანხმდა, რომ უნდა განვითარებულიყო, არ გრძელდება. ანუ, ამის იმპერატიულად, ერთი თქმით შეწყვეტა შეუძლებელია. ეს ჩვენი არც კომპეტენციაა და ამას ვერ იტყოდა. დიალოგი შეჩერებულია და ჯერ არ ვიცით როდის განახლდება, მაგრამ ის პრაგმატული ურთიერთობები, რაც კომპანიებს შორის არსებობს, გრძელდება", - განაცხადა კერესელიძემ.

მანამდე რადიო "თავისუფლებამ" გაავრცელა ინტერვიუ, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა რუსეთის ბაზარს "ძალიან არაპროგნოზირებადი" უწოდა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება "მახედ" მიიჩნევს რუსეთის ბაზარს.

"ახლა დროებით ვაჩერებთ რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე ამ დიალოგს, მას აზრი არა აქვს. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ისევ აამოქმედოს ემბარგო", - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში.