ოთარ დანელიამ ახალი აგრო რეგულაციები და  პროექტები რეგიონული მედიის წარმომადგენლებს გააცნო

ოთარ დანელიამ ახალი აგრო რეგულაციები და პროექტები რეგიონული მედიის წარმომადგენლებს გააცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას რეგიონული პრესის, რადიოსა და ტელევიზიის 50-მდე ჟურნალისტი ესწრებოდა. აღნიშნული შეხვედრა  რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ინიციატივით ორგანიზებული აგრო ჟურნალისტიკის ტრეინინგის ფარგლებში გაიმართა.

ოთარ დანელიამ მედიის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტები, სამომავლო პროექტები  და ახალი რეგულაციები  გააცნო.

„სახელმწიფო პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის და მოსახლეობის მეტად ინფორმირებულობისთვის რეგიონული მედიის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.  აუცილებელია, დარგში არსებული მდგომარეობისა და პროცესების შესახებ რეგიონის მოსახლეობამდე სწორი ინფორმაცია მივიდეს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.  ოთარ დანელიამ მედიის წარმომადგენლების   ყველა შეკითხვას უპასუხა.

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია და რეგიონული მედიის ასოციაცია ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსის“ პროგრამის „ალიანსები მცირე კავკასიაში“ შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, აგრო ჟურნალისტიკის ტრეინინგი  26 იანვრიდან 2 თებერვლამდე ტარდება. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ სოფლის მეურნეობის თემების გაშუქების საკითხებზე ტრენინგისთვის ინგლისიდან ექსპერტი, აგრო ჟურნალისტი და აგრო მარკეტოლოგი ჰეზერ როუს ბრიგსი მოიწვია, რომელიც ინგლისის სამეფო ვეტერინარიის კოლეჯთან, ამერიკის რძის პროდუქტების ექსპორტიორთა საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს.  როუს ბრიგსი ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის საკითხების გაშუქების ევროპულ მიმართულებებზე ესაუბრება. პროფესიული კუთხით კი ჟურნალისტებს ტრენინგს ქართველი მედია ექსპერტებიც უტარებენ.

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, რეგიონული მედიის ასოციაცია და ჟურნალისტიკის რესურსცენტრი, მიმდინარე წელს,  სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობით, ჟურნალისტებისათვის შეიმუშავებს სოფლის მეურნეობის საკითხების გაშუქების გზამკვლევს.