"ახლა, დროებით ვაჩერებთ რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე ამ დიალოგს, მას აზრი არა აქვს"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ვაშინგტონში, რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება „მახედ“ მიიჩნევს რუსეთის ბაზარს. მინისტრმა რუსეთის ბაზარს „ძალიან არაპროგოზირებადი“ უწოდა.

"ახლა დროებით ვაჩერებთ რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე ამ დიალოგს, მას აზრი არა აქვს. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ისევ აამოქმედოს ემბარგო",- განაცხადა ბერუჩაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთი მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც „განაგრძობს დესტრუქციულ ნაბიჯებს, რომლის უკანასკნელი ნათელი მაგალითი იყო რუსეთის მიერ ე.წ. სტრატეგიული პარტნიორობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ოკუპირებულ აფხაზეთთან“.

საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში ვითარებაზე საუბრისას, სადაც, ბერუჩაშვილის თქმით, რუსეთს 11 500-მდე ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული, მინისტრმა აღნიშნა, რომ იქ ძალზე ინტენსიურად მიმდინარეობს სამხედრო ძალების გაძლიერება.

„შემდეგი ნაბიჯი ოსეთი იქნება, არსებობს იმის ნიშნები, რომ შესაძლოა, გამეორებულ იქნეს ყირიმის მსგავსი სცენარი და განხორციელდეს სამხრეთ ოსეთის ანექსია",-განაცხადა ბერუჩაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი აშშ-ში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფება.