ევროსაბჭო რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შესახებ მიღებული რეზოლუცია

ევროსაბჭო რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შესახებ მიღებული რეზოლუცია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის შესახებ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოზეც არის საუბარი. როგორც რეზოლუციის ტექსტშია აღნიშნული, უკრაინაში 
რუსეთის ქმედებები იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთს არ სურს პატივი სცეს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში ნაკისრ ვალდებულებებს. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, შეასრულოს 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის ომის შედეგების შესახებ მიღებული რეზოლუცია.

"ასევე შეასრულოს 2009 წელს მიღებული რეზოლუციები, შეაჩეროს ეთნიკური წმენდა და საქართველოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაცია და დაუშვას ამ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა", - ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში. 

საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას ხელი არ შეუშალოს მშვიდობიანი მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილებას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს და საქართველოს დანარჩენ ნაწილს შორის.