ზვიად კვაჭანტირაძე - თეა წულუკიანმა კიევიდან მესიჯი მიიღო, რომ უკრაინელი კოლეგა მის მისაღებად მზად არ არის

ზვიად კვაჭანტირაძე - თეა წულუკიანმა კიევიდან მესიჯი მიიღო, რომ უკრაინელი კოლეგა მის მისაღებად მზად არ არის

საქართველოს პარლამენტის წევრის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამჯერ ეცადა, რომ მისი უკრაინაში ვიზიტის თარიღი თავის უკრაინელ კოლეგასთან შეეთანხმებინა. ამის შესახებ ზვიად კვაჭანტირაძემ რადიო "თავისუფლებას" განუცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს სამინისტროები ცდილობენ, უკრაინის ხელისუფლებასთან პირდაპირ კონტაქტებს და ამაში ჩვენი საელჩო აქტიურად არის ჩაბმული.

"საქართველოს იუსტიციის მინისტრს ძალიან დიდი შრომის გაწევა დასჭირდა იმისთვის, რომ საკუთარი კოლეგა, ბატონი პეტრენკო ჩამოეყვანა საქართველოში. ქალბატონმა წულუკიანმა მოიწვია პეტრენკო საქართველოში, აღუთქვა მას დახმარება, დაათვალიერებინა, გააცნო აბსოლუტურად ყველაფერი და ა.შ. ასევე მზადყოფნა გამოთქვა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უკრაინულ მხარეს ნებისმიერ დახმარებას გაუწევდა მათთვის საჭირო ნებისმიერ საკითხში. ქალბატონი თეა წულუკიანი უნდა წასულიყო საპასუხო ვიზიტით უკრაინაში. ის სამჯერ ეცადა, რომ თარიღი შეეთანხმებინა თავის უკრაინელ კოლეგასთან, შემდეგ მან მიიღო უკრაინიდან მესიჯი, რომ მისი კოლეგა არ არის მზად მის მისაღებად. ეს ნიშნავს იმას, რომ პირდაპირი ზეგავლენის ქვეშ ექცევიან ზოგიერთი პოლიტიკოსები კიევში. მათ უშლიან ხელს იმაში, რომ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ოფიციალურ დონეზე მოხდეს. ვინ უშლის ხელს ადვილი დასადგენია. ხელს უშლიან ისინი, ვინც ალტერნატიული დახმარების გზების მომხრეები არიან და ვინც ამაში ძალიან სერიოზულ გასამრჯელოს იღებენ", - განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, არსებობს ინფორმაციული ვაკუუმი და უკრაინელი კოლეგებისთვის ბევრი ფაქტი არ არის ცნობილი, რასაც საქართველო მათ მხარდასაჭერად აკეთებს. 

"ცუდი ის არის, რომ ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა არ იცოდნენ, რომ ჩვენ სამედიცინო დახმარება გავუწიეთ უკრაინელებს, არ იცოდნენ ისიც, რომ უკრაინელები ჩამოსულები იყვნენ შავი ზღვის კურორტებზე დასასვენებლად შარშან, სექტემბერში. არც იმის შესახებ იცოდნენ, რომ ასე ყბადაღებული თემა, საქართველო თითქოსდა არ უერთდება სანქციებს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ დააწესა რუსეთის წინააღმდეგ და ფაქტიურად ჩვენ ვერიდებით ამ თემაზე საჯარო საუბარს, რომ საქართველო მიუერთდა ერთ-ერთ სანქციას, რომელიც გულისმხობს ყირიმის ნახევარკუნძულიდან ყველა ფინანსური ოპერაციის და სავაჭრო ორგანიზაციების აკრძალვას", - აღნიშნა კვაჭანტირაძემ.