დავით სერგეენკოს სჯერა, რომ სამართლიანობის აღდგენის ამოცანას მთავრობა ეფექტურად შეასრულებს

დავით სერგეენკოს სჯერა, რომ სამართლიანობის აღდგენის ამოცანას მთავრობა ეფექტურად შეასრულებს

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს სჯერა, რომ სამართლიანობის აღდგენის ამოცანას მთავრობა ეფექტურად შეასრულებს. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ სამართლიანობის აღდგენის თაობაზე გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განუცხადა.

"სამართლიანობის აღდგენა საკმაოდ ფართო საკითხების ნაკრებია. ის მოიცავს, როგორც ქონების უკანონოდ ჩამორთმევას, ასევე, თუკი ასეთი შემთხვევები იყო, პასუხისგებაში მიცემას. ეს კომპლექსური საკითხია და მე მჯერა, რომ საქართველოს მთავრობა ამ ამოცანას ეფექტურად შეასრულებს",- აღნიშნა სერგეენკომ. 

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დადებით შეფასებას მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებით, სერგეენკო აცხადებს, რომ არც ერთი ადამიანის, ორგანიზაციისა და მთავრობის საქმიანობა იდეალური არ არის და გამოწვევები ყოველთვის არსებობს, თუმცა ამოცანა ამ გამოწვევების ამოცნობა და მათი მართვაა.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ის საქართველოში გამთენიისას დაბრუნდა და ყოფილი პრემიერის ინტერვიუ არ უნახავს და ასევე არ ფლობს ინფორმაციას იმ ფილმის შესახებ, რომელის გადაღებასაც ბიძინა ივანიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ გეგმავს.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დაახლოებით 1 მილიარდი ლარია საჭირო, რომ წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული მოქალაქეების კომპენსირება მოხდეს. როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, სამართლიანობის აღდგენა ძალიან გაჭიანურდა, თუმცა თებერვლიდან ქონებრივი კუთხით ეს პროცესი დაიწყება.