საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დაახლოებით 1 მილიარდი ლარია საჭირო, რომ წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული მოქალაქეების კომპენსირება მოხდეს. როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, სამართლიანობის აღდგენა ძალიან გაჭიანურდა, თუმცა თებერვლიდან ქონებრივი კუთხით ეს პროცესი დაიწყება.
"სამართლიანობის აღდგენა ძალიან გაჭიანურდა. ეს ვალდებულება გვქონდა, როდესაც მოვედით. ხშირად ვაძლევდით დაპირებას ჩემი პრემიერობის დროსაც, რომ ვემზადებით ამისთვის და იქნება. ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ თებერვლიდან ეს პროცესი დაიწყება. როგორც მან თქვა, არის ამის მზაობა. ამას სჭირდება შესატყვისი თანხები. როგორც ვიცი, მინიმუმ მილიარდზეა საუბარი, რაც ჩვენთვის არც თუ ისე ცოტა თანხაა", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, გაჭიანურება არ მომხდარა ვიღაცის სუბიექტური ინტერესების გამო ან იმის გამო, რომ ვინმეს არ უნდოდა.