უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხზე მთავარ კრიტერიუმებზე შეთანხმება მოხერხდა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხზე მთავარ კრიტერიუმებზე შეთანხმება მოხერხდა

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის საკითხზე გამართული კონსულტაციების ფარგლებში მთავარ კრიტერიუმებზე შეთანხმება მოხერხდა.

როგორც პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე საექსპერტო წრეებს და კონსულტაციებში ჩართულ სხვა მხარეებს კრიტერიუმებთან დაკავშირებით ერთიანი ხედვა აქვთ.

"დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარის დასახელებასთან დაკავშირებულ პროცესზე. ამ პროცესს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცების თვალსაზრისით, რადგან სასამართლო არის ის საკიდური, რომელზეც იგება სახელმწიფოს ჯანმრთელი, დემოკრატიული სახელმწიფო სისტემა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პროცესთან დაკავშირებით ჩვენ დავიწყეთ აქამდე ქართული საზოგადოებისთვის არნახული ღია პროცესი, რომელშიც ჩავრთეთ ყველა - საპარლამენტო პოლიტიკური ძალები, ექსპერტები და გავხსენით ამ მიმართულებით ფართე დისკუსია. ამ დისკუსიამ გამოავლინა ჩემთვის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენი: მთელი საზოგადოება, მათ შორის პოლიტიკური პარტიები თანმხდებიან ერთი და იგივე კრიტერიუმებზე კონსულტაციების შედეგად კრიტერიუმებთან დაკავშირებით კონსენსუსი არის შემდგარი და დღეს, საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციური ფრაქციებიც, ფაქტობრივად, ერთ ხედვაზე გველაპარაკებიან. რა თქმა უნდა, არის განსხვავებული პატარა დეტალები, მაგრამ ჯამში ეს არის ერთიანი კრიტერიუმები", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე განმარტებით, ეს კრიტერიუმები კანონით განსაზღვრული თვისებების გარდა არის პრინციპულობა, მენეჯერული თვისებები, პარტიული გავლენისგან თავისუფლება და პროფესიონალიზმი.