საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი ვერ ხედავს ვერანაირ არგუმენტს და მიზეზს, თუ რატომ დგას ეს საკითხი.
ჟურნალისტებმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს შეკითხვა მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციის შესახებ დაუსვეს, რომლის თანახმადაც, ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლა იგეგმება და მის ადგილზე "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე განიხილება.
"ვერ ვხედავ ვერანაირ არგუმენტს, მიზეზს, რატომ დგას ეს საკითხი. ქვეყანაში, ბუნებრივია, იქნება გარკვეული პრობლემები, ხარვეზები იმის ფონზე რა წარმატებებიც არსებობს. მოსახლეობის ნაწილი იქნება უკმაყოფილო, რაღაც არ მოეწონება თავისთავად ცხადია, მაგრამ უნდა შევხედოთ დინამიკას, პრობლემები საიდან მოდის და საით მიდის ყველაფერი ეს. ასე, რომ ნამდვილად ვერ ვხედავ საბაბს, მიზეზს პრემიერის ცვლილებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში გავიმეორებ ერთ ფრაზას, რომ ვიღაცას რაც ელანდება, ის ესიზმრება და შემდეგ იქედან მოდის ეს თემა", - განაცხადა საგანელიძემ.
მისივე თქმით, იგი ძალიან დიდ პატივს სცემს მამუკა ბახტაძეს, რომელიც არის საკმაოდ კარგი მენეჯერი.
"მამუკა ბახტაძე არის კარგი მენეჯერი. საკმაოდ კარგი ხელმძღვანელი აღმოჩნდა რთული უწყების, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ პრემიერი უნდა შეიცვალოს. მე ძალიან შორს ვარ ამ აზრისგან", - განაცხადა საგანელიძემ.
გავრცელებული ინფორმაცია ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე უარყო საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ზურაბ ტყემალაძემ. მისივე თქმით, პრემიერის შეცვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"მედიაში ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც შემდეგ არ მართლდება. მე რა ინფორმაციაც მაქვს, პრემიერის ცვლილება არ იგეგმება", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
მისივე თქმით, მამუკა ბახტაძე "საქართველოს რკინიგზის" წარმატებული ხელმძღვანელია.