ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით პროკურატურაში სპეციალური სამმართველო ჯერ არ შექმნილა

ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით პროკურატურაში სპეციალური სამმართველო ჯერ არ შექმნილა

მთავარ პროკურატურაში ჩამორთმეული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით სპეციალური სამმართველო ჯერ არ შექმნილა. „კომერსანტს“ პროკურატურაში განუცხადეს, რომ სამმართველო მიმდინარე წლის თებერვალში ჩამოყალიბდება.

საუბარია საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გასული წლის დეკემბერში გაჟღერებულ ინიციატივაზე. 

„მაქსიმუმ თებერვლამდე ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას, იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდება სამართლიანობის აღდგენის პროცესის დასრულება. შეიქმნება პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი, სამმართველო, ქონებების დაბრუნებასთან დაკავშირებით“– აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დანაპირები სწორედ სამართლიანობის აღდგენა იყო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროკურატურამ დაასრულა ყველა საჩივრის შესწავლა, რომელიც უწყებაში ორი წლის განმავლობაში ოფიციალურად შევიდა.

მისი განცხადებით, საქმე ეხება უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებებს, ბიზნესებს, სახლებს და ასევე ათასობით იმ რეპრესირებულ ადამიანს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ისინი უკანონოდ იხდიდნენ სასჯელს, იყვნენ მსხვერპლი არაადამიანური მოპყრობის და წამების.

პრემიერმინისტრმა ქონებაჩამორთმეულ მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადება გასული წლის 12 აგვისტოსაც გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა მაშინ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოება შეიტყობს რა ბედი ეწევა იმ მოქალაქეებს, „რომლებმაც დაკარგეს ქონება, ბიზნესი, სიცოცხლე". პრემიერის მაშინდელი განცხადების თანახმად, პროკურატურამ ამ ტიპის საქმეების სისტემატიზაცია მოახდინა.