როდესაც პარლამენტი სთხოვს საგამოძიებო ორგანოებს მობრძანებას, პროკურატურა ვალდებულია, მოვიდეს

როდესაც პარლამენტი სთხოვს საგამოძიებო ორგანოებს მობრძანებას, პროკურატურა ვალდებულია, მოვიდეს

საპარლამენტო უმრავლესობა ვაზაგაშვილების საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო უწყებების ხელმძღვანელთა მისვლას ითხოვს.

„თავისუფალი დემოკრატების" აზრით, გაუგებარია, რატომ არიდებს თავს კითხვებზე პასუხის გაცემას გამოძიება, როდესაც საქმე ასეთ გახმაურებულ დანაშაულს ეხება.

„ეს არის ძალიან გახმაურებული ტრაგიკული თემა და მარტო ერთ ოჯახს არ ეხება, ეს მთლიანად ქვეყანას და შიდა უსაფრთხოების საკითხებს ეხება და მაშინ, როდესაც პარლამენტი სთხოვს საგამოძიებო ორგანოებს მობრძანებას და ახსნას, ვფიქრობ, პროკურატურა ვალდებულია, მოვიდეს", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ფორმალური დიალოგების დასრულების მომხრეა. სერგო რატიანი კატეგორიულად მოითხოვს მკაცრ საპარლამენტო კონტროლს ისეთ გახმაურებულ საქმეებზე, როგორიც ვაზაგაშვილის მკვლელობაა.

„სამართალდამცველები მზად არ არიან კითხვებზე პასუხის გასაცემად. ხშირ შემთხვევაში კეთდება პოლიტიკური განცხადებები, რომ ისინი მოვლენ პარლამენტში და იქნება განხილვა, მაგრამ შემდეგ ასე არ ხდება ხოლმე", - განაცხადა სერგო რატიანმა.