"ნაციონალურმა მოძრაობამ" საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტში პროექტი შეიტანა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით პარლამენტში პროექტი შეიტანა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა სერგო რატიანმა განაცხადა.

"დღეს უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სახელით ჩვენ შევიტანეთ კანონპროექტი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კომისიამ უნდა შეისწავლოს ის გახმაურებული, გამოუძიებელი საქმეები, რომელთა მიმართ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე ეხება შეკვეთილ მკვლელობებს და ისინი უკავშირდება ორგანიზებულ დანაშაულს ან/და იკვეთება პოლიტიკური მოტივაციები. ამ საქმეთა რიგს მიეკუთვნება: ვაზაგაშვილების საქმეები, თათუხაშვილის საქმე, კიწმარიშვილის საქმე, თელავში მომხდარი მაისურაძის შეკვეთილი მკვლელობა", - აღნიშნა სერგო რატიანმა.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში შექმნილია კრიზისული ვითარება.

"შეკვეთილი მკვლელობების არსებობა მიუთითებს საგანგაშო კრიმინოგენულ ვითარებაზე. საზოგადოებას დასჭირდა სერიოზული ძალისხმევა, რომ დაეძლია 90-იანი წლები, კრიმინალის თარეში, ორგანიზებული დანაშაული, შეკვეთილი მკვლელობები, რომელთა შორისაც პოლიტიკური მკვლელობებიც ფიგურირებდა. დღეს არსებულ პოლიტიკურ ძალებს ეკისრება პასუხისმგებლობა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ წინა საუკუნის 90-იანების დაბრუნება", - აღნიშნა სერგო რატიანმა.

დეპუტატის შეფასებით, ერთადერთი ინსტიტუცია, რომელსაც დღეს შეუძლია და ვალდებულია პასუხისმგებლობა აიღოს და მკაცრი კონტროლი დააწესოს სამართალდამცავ ორგანოებზე - პარლამენტია.

"იმედი გვაქვს, რომ პარლამენტის წევრები გააცნობიერებენ შექმნილ ვითარებას და მხარს დაუჭერენ საგამოძიებო კომისიის მიზანშეწონილობას", - დასძინა სერგო რატიანმა.