საქართველო არის შესანიშნავი მაგალითი, თუ როგორ უნდა იყოს ანტისემიტიზმი დაძლეული

საქართველო არის შესანიშნავი მაგალითი, თუ როგორ უნდა იყოს ანტისემიტიზმი დაძლეული

საქართველო არის შესანიშნავი მაგალითი, თუ როგორ უნდა მოხდეს პროცესების წარმართვა, რომ ანტისემიტიზმი იყოს დაძლეული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განუცხადა, სადაც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.

ამერიკელმა დიპლომატმა 70 წლის წინ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასა და აღნიშნა, რომ მსგავსი რამ დედამიწაზე აღარ უნდა განმეორდეს.

"ამერიკის შეერთებული შტატები უერთდება საქართველოს და მსოფლიოს ქვეყნებს და დღეს ერთად მივაგებთ პატივს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას. ჩვენ ვსარგებლობთ შემთხვევით, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება, ვიმუშაოთ ერთად, რათა ასეთი საშინელი რამ არასდროს განმეორდეს. არის ფაქტები იმისა, რომ მსოფლიოში კვლავ ხდება ანტისემიტიზმის გამოვლინებები. საქართველო ამ შემთხვევაში არის შესანიშნავი მაგალითი, თუ როგორ უნდა მოხდეს პროცესების ისეთი წარმართვა, რომ ანტისემიტიზმი იყოს დაძლეული და ის, რაც მოხდა 70 წლის წინ არასდროს განმეორდეს დედამიწაზე", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.