ამერიკაში რუსეთის ჯაშუშები დააკავეს

ამერიკაში რუსეთის ჯაშუშები დააკავეს

ნიუ-იორკის სასამართლომ ბრალი წაუყენა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ რუსეთის სამ მოქალაქეს.

"როიტერის" ინფორმაციით, სასამართლომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალი დასდო ევგენი ბურიაკოვს, ვიქტორ პოდობნისა და იგორ სპორიშევს.

არსებული ინფორმაციით, ევგენი ბურიაკოვი მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთი რუსული ბანკის თანამშრომელი იყო, იგი ნიუ იორკში დააკავეს, დანარჩენ ორ ეჭვმიტანილს კი დიპლომატიური სტატუსი ჰქონდა და აშშ-ი დატოვეს.

აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, სამივე ეჭვმიტანილი რუსეთის სასარგებლოდ ცნობებს აგროვებდა. მათ აინტერესებდათ ინფორმაცია რუსეთის ბანკების წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე. ეჭვმიტანილებს ასევე ბრალი ედებათ ნიუ იორკს მცხოვრებთა დაქირავებაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, რუსეთის სამივე მოქალაქეს თავისუფლების 15 წლით აღკვეთა ემუქრება.