ლიტვის პრემიერი - საქართველოში ჩამოვედი, რომ სტიმული მიმეცა ბიზნესთანამშრომლობისთვის

ლიტვის პრემიერი - საქართველოში ჩამოვედი, რომ სტიმული მიმეცა ბიზნესთანამშრომლობისთვის

თბილისში ჩამოვედი იმიტომ, რომ გამომეცხადებინა ჩემი მხარდაჭერა, სოლიდარობა და სტიმული მიმეცა ბიზნესთანამშრომლობისთვის". 

ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა სასტუმრო "რედისონში" გამართულ საქართველო-ლიტვის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"მოხარული ვარ, რომ საქართველომ და ლიტვამ მოახერხეს ჩაეყარათ ძალიან მყარი საფუძველი თანამშრომლობისა, ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში. ჩვენი ქვეყნები ცდილობენ, რომ ბიძგი მისცენ უფრო მჭიდრო ურთიერთობებს, რომელსაც ისტორიული კავშირები გააჩნია. ლიტვასა და საქართველოს საერთო ეკონომიკური ინტერესები გააჩნიათ. მე თბილისში ჩამოვედი იმიტომ, რომ გამომეცხადებინა ჩემი მხარდაჭერა, სოლიდარობა და სტიმული მიმეცა ბიზნესთანამშრომლობისთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს დაინტერესება, მაგალითად, საკვების წარმოებისა და სხვა სფეროებში და დღეს ამ ფორუმზე თავი მოიყარეს", - განაცხადა ბუტკევიჩიუსმა.

მისივე თქმით, ლიტვის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა ევროკავშირში. 

"საერთაშორისო რეიტინგი გვანახებს პოზიტიურ ცვლილებებს ლიტვაში ბიზნესკლიმატის თვალსაზრისით. მსოფლიო ბანკის რეიტინგით, ბიზნესის წარმოებისა და ბიზნესის დაწყების კრიტერიუმების თვალსაზრისით ლიტვა 24-ე ადგილზეა", - განაცხადა ბუტკევიჩიუსმა.

მისივე თქმით, ლიტვის ევროზე გადასვლა იყო ძალიან რბილი და გეგმის შესაბამისად მიმდინარეობდა. 

"მე ამას შემიძლია ვუწოდო წარმატებული ისტორია ძირითადი მონეტარული რეფორმისა", - აღნიშნა ლიტვის პრემიერ-მინისტრმა.