დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღე აღინიშნება

დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღე აღინიშნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სადღესასწაულო წირვას დღეს კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლენს. წირვა ტაძრის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით 10:00 საათზე დაიწყება. 

გუშინ საღამოს კი, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი გამოაბრძანეს და მორწმუნეებს ამ სიწმინდის მოლოცვის შესაძლებლობა აქვთ. 

წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა, ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.

წმიდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი.

ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.

წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1(19) ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს - გარდაცვალება.