„პარტიაში პრობლემები ნამდვილად არსებობს“

„პარტიაში პრობლემები ნამდვილად არსებობს“

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ პრობლემები არსებობს.

როგორც მან ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განაცხადა, ეს პრობლემები დაძლევადია.

„პარტიაში პრობლემები ნამდვილად არსებობს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გვისაუბრია. მოყოლებული 2012 წლიდან, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვეთ ფაქტიურად ყოველთვის საარჩევნო პროცესში ვიმყოფებით. იყო საპარლამენტო, საპრეზიდენტო და შემდგომ თვითმმართველობის არჩევნები. ვერ ხერხდებოდა  და ვერ მოხერხდა პარტიის ფუნდამენტური გაძლიერება. სულ საარჩევნო პროცესში ვიმყოფებოდით. დღეს პარტიას ახალი აღმასრულებელი მდივანი ჰყავს და ნამდვილად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვიმუშაოთ და ფუნდამენტურად გავაძლიეროთ პარტია, რომელიც იდეოლოგიაზე იქნება დაფუძნებული. ჩვენ ვიცით თუ როგორ შეიქმნა ზოგადად პარტია „ქართული ოცნება“, ფაქტიურად ბიძინა ივანიშვილის გვერდით გაერთიანდა სრულიად საქართველო ერთ-ერთი მოტივით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოგვეშორებინა, საპარლამენტო არჩევნები მოგვეგო და ეს მოვახერხეთ. როგორც ასეთი - პარტიის იდეოლოგიურად გაძლიერება და ჩამოყალიბება აქამდე ვერ ხერხდებოდა. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას ახლა ნამდვილად მოვახერხებთ, თუმცა ძალიან ბევრია ამ მიმართულებით სამუშაო. ბევრი პრობლემაა რეგიონებში. თუმცა პრობლემები დაძლევადია და პირობას გაძლევთ, რომ ჩვენს გუნდთან ერთად ყველაფერს განვახორციელებთ“, - განაცხადა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნად კახა კალაძემ დღეს კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე წარადგინა.