ლარის კურსი იმ პროცესებს ასახავს, რომელიც დღეს ქვეყნის ეკონომიკაშია

ლარის კურსი იმ პროცესებს ასახავს, რომელიც დღეს ქვეყნის ეკონომიკაშია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ლარის გაცვლითი კურსი იმ პროცესებს ასახავს, რომელიც დღეს ქვეყნის ეკონომიკაშია. როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებთან გამართული დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, ეკონომიკაში მნიშვნელოვანი გამოწვევებია, რაც განსაკუთრებით მეოთხე კვარტლის მაჩვენებლებში აისახა და ასახვა ჰპოვა ლარზე.

მისივე თქმით, თუკი ადგილი ექნება ინფლაციას, ასეთ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ადეკვატურ ზომებს მიიღებს და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო მექანიზმს გამოიყენებს.

"ლარის გაცვლით კურსზე მოქმედ ფაქტორებთან დაკავშირებით ბევრი ვისაუბრეთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოწვევები ეკონომიკური ზრდის მიმართულებით არის გაზრდილი. ეს განსაკუთრებით აისახა მეოთხე კვარტალში, როცა თითქმის ყველა შემოდინება შემცირდა - იქნება ეს ექსპორტი, გზავნილები, ტურიზმი და ა.შ. ამან ლარზე ასახვა ჰპოვა. ლარის გაცვლითი კურსი ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებს ასახავს. პროცესები, რაც მეოთხე კვარტალში ცალსახად გამოიკვეთა, ლარის გაცვლით კურსზე აისახა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ფასების სტაბილურობა უზრუნველვყოთ. კერძოდ ის, რომ ლარის გაცვლითმა კურსმა ფასების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინოს. იმის მიუხედავად, რომ ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია, დღევანდელი მდგომარეობით, ფასების საერთო დონის მატებას ადგილი არ აქვს. მათ შორის იმიტომ, რომ მოქმედებს ისეთი პოზიტიური ფაქტორები, როგორიცაა ნავთობსა და სხვა სასაქონლო ჯგუფებზე მსოფლიო ფასების კლება, ასევე მოგეხსენებათ, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებაში ლარი გაუფასურებული არ არის. ამიტომ, ეს ორი ფაქტორი ერთდროულად პოზიტიურ გავლენას ახდენს და ჯამურად, ინფლაციის საერთო დონე, ფასების საერთო დონე დღევანდელი მდგომარეობით, მნიშვნელოვნად გაზრდილი არ არის. მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ინფლაციური მოლოდინები იზრდება და ფასების მნიშვნელოვან ზრდას აქვს ადგილი, ამ შემთხვევაში, ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ. გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გაგრძელების შესახებ 11 თებერვალს იქნება მიღებული, როცა მონეტარული კომიტეტის სხდომა გაიმართება", - განუცხადა ჟურნალისტებს ქადაგიძემ.

რაც შეეხება ეროვნული ბანკისგან მოსალოდნელ ინტერვენციებს, ქადაგიძის განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით, სავალუტო რეზერვების დონე ადეკვატურია და ფინანსურ სტაბლურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. აქვე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, "ილუზია იმისა, რომ ექსპორტის ან ტურიზმის შემოსავლების კლება შეიძლება რეზერვებით ჩანაცვლდეს, არ უნდა გვქონდეს".

"ეს შეუძლებელია და ასეთი ტიპის პოლიტიკა მცდარი პოლიტიკა იქნება. ჩვენი მანდატია, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით ფინანსურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ინფლაციას, ინფლაციური მოლოდინების ზრდასთან ერთად, თუკი ასეთს ადგილი ექნება, ეროვნული ბანკი ადეკვატურად იმოქმედებს", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.