პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ დაჭრილი სამხედროები მოინახულა

პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ დაჭრილი სამხედროები მოინახულა

გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აშშ-ის სამხედრო ჰოსპიტალს ესტუმრა. პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე - მაიორი ზაზა თურმანიძე და კაპიტანი მიხეილ ლიპარტელიანი მოინახულა, რომლებიც ქალაქ ლანდშტულში მდებარე ჰოსპიტალში მკურნალობის კურსს გადიან.

პოლკოვნიკმა დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მკურნალი ექიმებისგან სრული ინფორმაცია მოისმინა. გენერალური შტაბის სამხედრო მაღალჩინოსანმა მაიორ ზაზა თურმანიძესა და კაპიტან მიხეილ ლიპარტელიანს გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა, გამოჯანმრთელება უსურვა და უწყებრივი მედლებით ,,საბრძოლო იარისათვის“ დააჯილდოვა.

პოლკოვნიკ ჯოხაძესთან ერთად, სამხედრო ჰოსპიტალში მაიორ ზაზა თურმანიძის მეუღლე, ხათუნა ყიფშიძეც იმყოფება.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების V ქვეითი ბრიგადის შტაბის G-4-ის ტექნიკური კონტროლისა და დაგეგმვის ქვეგანყოფილების ოფიცერი, მაიორი ზაზა თურმანიძე და II საარტილერიო ბრიგადის შტაბის G-2-ის დაზვერვის უფროსი ოფიცერი, კაპიტანი მიხეილ ლიპარტელიანი ავღანეთში ISAF-ის საერთაშორისო მისიის შესრულების დროს დაშავდნენ.