გამორიცხულია, რომ ჩვენ დავაყენოთ კანდიდატურა და პრეზიდენტს წარვუდგინოთ

გამორიცხულია, რომ ჩვენ დავაყენოთ კანდიდატურა და პრეზიდენტს წარვუდგინოთ

გამორიცხულია, რომ ჩვენ დავაყენოთ კანდიდატურა და პრეზიდენტს წარვუდგინოთ, რადგან ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ განაცხადა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი კონკრეტულ გვარებზე არ ყოფილა, არამედ საუბარი იყო იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს.

"ჩვენ კონკრეტულ გვარებზე არ გვისაუბრია. ვისაუბრეთ დაახლოებით იმ კრიტერიუმებზე, რა არის სასურველი, თუნდაც სავალდებულო, თუნდაც ზნეობრივად, მორალურად სწორი, გამართლებული, საზოგადოებისათვის მისაღები კრიტერიუმები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

კარგია ის, რომ პოზიცია თითქმის ერთნაირი გვაქვს, ერთნაირადაც ვხედავთ ამ პროცესს. ყველას გვინდა, რომ იდეალურთან ძალიან მიახლოებული კანდიდატი იყოს. როგორც ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, კონსულტაციები, რომელსაც ის მართავს სხვადასხვა წრესთან, დაახლოებით ანალოგიურ კრიტერიუმებზე თანხმდება. ასე რომ, ალბათ უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება საშუალება უფრო კონკრეტულ გვარებზე გვქონდეს საუბარი. დღეს გვარებზე არ გვისაუბრია", - განაცხადა საგანელიძემ.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში საუბარი იყო კრიტერიუმებზე, რომელიც თვითონ პერსონას უნდა ჰქონდეს, თუ ვინ უნდა იყოს ის პროფესიით, რა გამოცდილება უნდა ჰქონდეს, რა არის არასასურველი, რომ მის ბიოგრაფიაში ჩანდეს.

კითხვაზე, არის თუ არა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, საგანელიძეს თქმით, უმრავლესობის შიგნით კონსულტაციები არის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი პიროვნება წარმოუდგენია საპარლამენტო უმრავლესობას ამ პოსტზე, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის. "ოღონდ ის, რომ ჩვენ დავაყენოთ კანდიდატურა და პრეზიდენტს წარვუდგინოთ, ეს გამორიცხულია. ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა", - განაცხადა საგანელიძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა საუბარი ამ პოსტზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანის, ლევან მურუსიძის კანდიდატურაზე, საგანელიძის თქმით, შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი არც ერთ კანდიდატზე, მათ შორის არც ლევან მურუსიძეზე. მისივე თქმით, შემდეგი შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტი დღესვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მთელ შემადგენლობას შეხვდა.