საქართველოს პრეზიდენტი ლიტვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ლიტვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალგირდას ბუტკევიჩიუსთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონში უსაფრთხოების საკითხები იყო. ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და ყურადღება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეც გაამახვილეს. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს რეგიონების ანექსიისაკენ მიმართული ქმედება, კერძოდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებსა და მოსკოვს შორის  "მოკავშირეობისა და თანამშრომლობის" ე.წ. შეთანხმებების მიუღებლობა. საუბარი შეეხო ნატო-სა და ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებსაც. ქვეყნის პირველმა პირმა და ლიტვის პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება იმ ნაბიჯებსაც დაუთმეს, რომლებიც ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას.

შეხვედრის დროს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს. ამ მხრივ, მხარეებმა მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ლიტველი ბიზნესმენების ვიზიტი, რომლებიც საქართველოს ლიტვის პრემიერ-მინისტრთან ერთად ეწვივნენ. მათი განცხადებით, საქმიანი წრეების წარმომადგენელთა ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობის გაღრმავებას და მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისითაც.

შეხვედრისას ასევე იმსჯელეს ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე, თანამშრომლობის შესახებ ტრანსპორტის მიმართულებით, განსაკუთრებით საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის განთვალისწინებით.