ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, მინსკის მოლაპარაკებების შესრულებაზე პასუხისმგებლობა აიღოს

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, მინსკის მოლაპარაკებების შესრულებაზე პასუხისმგებლობა აიღოს

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, მინსკის მოლაპარაკებების შესრულებაზე პასუხისმგებლობა აიღოს. ამის შესახებ ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ესკალაციას მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა.

"მათ, ვინც პასუხისმგებელია ბოლოდროინდელ ესკალაციაზე, უნდა აჩვენონ, რომ სერიოზულად ეკიდებიან ვალდებულებას პოლიტიკური მოგვარების თაობაზე და ყველა ღონე იხმარონ ძალადობის შესაჩერებლად, მძიმე შეიარაღების დაუყოვნებლივ გაყვანისა და საკონტაქტო ხაზის პატივისცემის ჩათვლით, მინსკის შეთანხმების შესაბამისად. მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად აიღოს ეს პასუხისმგებლობა", - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ევროკავშირის განცხადებით, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაჭრას და იმედს გამოთქვამს, რომ რაც შეიძლება მალე გაიმართება სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა.