ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებული პოლიციელების ნაწილი თანამდებობიდან განთავისუფლებულია

ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებული პოლიციელების ნაწილი თანამდებობიდან განთავისუფლებულია

შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებული პოლიციელების ნაწილი თანამდებობიდან განთავისუფლებულია.

როგორც გომელაურმა გუშინ განაცხადა, ზურაბ ვაზაგაშვილის სპეცოპერაციაში ბევრი ხალხი მონაწილეობდა.

"სპეცოპერაციაში მონაწილეობას იღებდა შეიძლება ითქვას 100 ან 50 კაცი და ყველას ვერ გავუშვებდით. ყველას ბრალი არ იყო. იქ რამდენიმეს ბრალეულობა გამოიკვეთა. პროკურატურა მუშაობს და დაისჯება ის ხალხი. რომლებზეც არ არის ბრალი გამოკვეთილი, ჯერ თანამდებობებზე რჩებიან", - განაცხადა გომელაურმა.

მისივე განცხადებით, პრობლემა რომ არ შექმნოდა გამოძიებას, რამდენიმე მაღალჩინოსანმა პოსტი დატოვა.

"გამოძიების დასრულების შემდეგ, თუ გამოიკვეთება, რომ ეს ადამიანები არ არიან დამნაშავეები, დაბრუნდებიან თანამდებობებზე. იმავეზე, თუ უფრო დაბალზე, ამას ხელმძღვანელობა გადაწყვეტს", - განაცხადა გომელაურმა.