იური ვაზაგაშვილს სოფელ ყარაფილაში დღეს დაკრძალავენ

იური ვაზაგაშვილს სოფელ ყარაფილაში დღეს დაკრძალავენ

იური ვაზაგაშვილს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში დღეს დაკრძალავენ. გუშინ, იური ვაზაგაშვილის ცხედარი საზოგადოებრივ დარბაზ "ჯაზუდან" სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სულის მოსახსენებელი პანაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა.

იური ვაზაგაშვილის ოჯახს გუშინ სამების საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებმა, პოლიტიკოსებმა, დეპუტატებმა, დედაქალაქის თვითმმართველი ორგანოების ხელმძღვანელმა პირებმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიუსამძიმრეს.

სოფელ ყარაფილაში გადასვენებამდე, გუშინ იური ვაზაგაშვილის ცხედარი კორტებთან გააჩერეს, სადაც 2006 წლის 2 მაისს მისი შვილი ზურაბ ვაზაგაშვილი სპეცოპერაციას ემსხვერპლა.

იური ვაზაგაშვილს სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე საკუთარი შვილების გვერდით დაკრძალავენ.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.