ვახტანგ გომელაური შეთავაზების შემთხვევაში მზადაა, ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვალოს

ვახტანგ გომელაური შეთავაზების შემთხვევაში მზადაა, ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვალოს

ამის შესახებ შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სამების საკათედრო ტაძარში, იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ყოფნისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, შს მინისტრობის კანდიდატს პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაასახელებს.

"როდესაც მინისტრი ქვეყანას ტოვებდა, მის მოვალეობას მე ვასრულებდი. პრემიერი გადაწყვეტს, არჩევანი ჩემზე გაკეთდეს თუ სხვა პირზე, ამას პრემიერ-მინისტრი როდესაც ჩამოვა, თავად იტყვის. თუ ის ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს და არჩევანს ჩემზე შეაჩერებს, დავთანხმდები ამ თანამდებობას", - განაცხადა გომელაურმა.

შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ამ საკითხზე კონსულტაციები ჯერჯერობით არ ყოფილა.

შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადაყენების თხოვნით მიმართა. აღნიშნულის მიზეზად ჭიკაიძე იმ ბრალდებებს ასახელებს, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში დამნაშავე პირების მფარველობაზე მისი მისამართით ისმოდა. შს ყოფილი მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის ცხელ კვალზე გახსნის შემთხვევაში ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.