"გამორიცხული არაა, გამოძიების დასრულების შემდეგ მაღალჩინოსნები თანამდებობებზე აღადგინონ"

შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, კორტების სპეცოპერაციაში მონაწილეობა პოლიციის ბევრმა თანამშრომელმა მიიღო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმეში ყველას ბრალეულობა იკვეთება.

ვახტანგ გომელაურის თქმით, გამოძიებას ხელი რომ არ შეშლოდა, პოლიციის რამდენიმე მაღალჩინოსანმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სამების საკათედრო ტაძარში, იური ვაზაგაშვილის პანაშვიდზე ყოფნისას განაცხადა.

"კორტების სპეცოპერაციაში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, შეიძლება ითქვას, 50 ან 100 კაცი და ელემენტარულად ყველას ხომ ვერ გაუშვებ სამსახურიდან, ყველას ბრალი ხომ არ იყო მომხდარი?! იქ რამდენიმე კაცის ბრალეულობა იყო. გამოძიებას პრობლემა რომ არ შექმნოდა და ხელი არ შეშლოდა, რამდენიმე მაღალჩინოსანმა თანამდებობა დატოვა. დამთავრდება გამოძიება, გამოიკვეთება ყველას ბრალეულობა და გამორიცხული არაა, ეს ადამიანები თუ არაფერ შუაში არიან, თანამდებობებზე ისევ აღდგნენ", - განაცხადა გომელაურმა.