რუსეთის ქმედებები ურთიერთნდობის გაღვივებას ხელს უშლის

რუსეთის ქმედებები ურთიერთნდობის გაღვივებას ხელს უშლის

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რუსეთი საქართველოს მიერ გადაგმულ ნაბიჯებს ადეკვატურად არ პასუხობს. პრემიერის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. შეთანხმების გაფორმება ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობას ვერ გააღვივებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა რუსეთთან ნორმალიზაციის მცდელობა. ერთმანეთისგან გავმიჯნეთ რუსეთთან ერთი მხრივ, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები და მეორე მხრივ პოლიტიკური ურთიერთობების სფერო.

რაც შეეხება ეკონომიკას და ვაჭრობას, ჩვენ გარკვეულ გაუმჯობესებას მივაღწიეთ. რუსეთმა თავისი ბაზარი გაუხსნა ქართულ ღვინოს, მინერალურ წყლებს და ა.შ.,  მეორე მხრივ - პოლიტიკური კუთხით არავითარი გაუმჯობესება არ შეიმჩნევა. პირიქით, რუსეთმა გადაწყვიტა, არ უპასუხოს ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკას იმავე სულისკვეთებით. ორი თვის წინ რუსეთმა ახალი ხელშეკრულება გააფორმა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონთან. რუსეთის დუმამ კი მოახდინა ამ შეთანხმების რატიფიცირება. რუსეთი მსგავსი შეთანხმების გაფორმებას სამხრეთ ოსეთთანაც გეგმავს. ჩვენ ამ შეთანხმებას ჩვენი ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად განვიხილავთ. ჩემი აზრით, ეს  სარგებელს ვერ მოუტანს ურთიერთნდობის გაღვივებას. ჩვენი მიზანია,  ქვეყნის დეოკუპაციას მივაღწიოთ და წამოვიწყოთ შერიგების პროცესი აფხაზეთსა და ოსეთში მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებთან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.