ჩვენი ხელისუფლება არის პრაგმატული, კონსტრუქციული და პროგნოზირებადი

ჩვენი ხელისუფლება არის პრაგმატული, კონსტრუქციული და პროგნოზირებადი

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება არის პრაგმატული, კონსტრუქციული და პროგნოზირებადი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა CNBC-ის ეთერში, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მთავრობის მეთაურისგან დაინტერესდა, როგორ აპირებს თბილისი უცხოელი ინვესტორები დაარწმუნოს საქართველოში ინვესტიციების ჩადებაში, მაშინ როცა მათ ქვეყანაში არსებული კონფლიქტები აშინებთ.

ღარიბაშვილის განმარტებით, ესმის, რომ ზოგიერთი ინვესტორი შეიძლება შიშობდეს, მაგრამ ისინი ხედავენ პროგრესს. 

"ჩვენ არ ვდგამთ არც ერთ ნაბიჯს ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანოდ და არ ვქმნით რისკებს, რომლებიც შეიძლება დაემუქროს ჩვენს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ბოლო ორ წელიწადში ჩვენ განვამტკიცეთ უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში. ეს კი არის ყველას, მათ შორის რუსეთის მიმართ ჩვენი კონსტრუქციული პოლიტიკისა და მიდგომის შედეგი. უცხოელი ინვესტორებისთვის ჩვენ შევქმენით სტაბილური და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო. მესამე კვარტალში დაფიქსირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი ზრდა, 99 პროცენტით შარშანდელთან შედარებით და 155 პროცენტით 2012 წელთან შედარებით. მე მესმის, რომ ზოგიერთი ინვესტორი შეიძლება შიშობდეს, მაგრამ ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალყურს მოვლენებს და ხედავენ პროგრესს. მართალია, საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყანაა, მას ჰყავს ახალგაზრდა ლიდერები, მაგრამ ჩვენი წარმატების მოტივაცია მართლაც უზარმაზარია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა დავოსში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი მსხვილი კომპანია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებითაა დაინტერესებული.

"მქონდა შეხვედრები ევროპის ლიდერებთან, მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. დავოსში ჩამოვედი კონკრეტული პროექტებითა და შეთავაზებებით ინვესტორებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ენერგეტიკის სექტორით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა ჩვენს ქვეყანაში. ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და წარმოება ასევე ძალიან სწრაფად ვითარდება. საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწადში, მიღწეულია მნიშვნელოვანი წინსვლა ყველა ასპექტში, იქნება ეს სოფლი მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა თუ სხვა ნებისმიერი სფერო. ვთვლი, რომ ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა შეხვედრებისა და მოსაზრებების გაზიარებისთვის", - აღნიშნა პრემიერმა.