თქვენ ბევრი რამის უნარი შეგწევთ, გთხოვთ, დაბრუნდით და გადაგვარჩინეთ!

თქვენ ბევრი რამის უნარი შეგწევთ, გთხოვთ, დაბრუნდით და გადაგვარჩინეთ!

„იმის მაგივრად, რომ მკვლელები ყოფილიყვნენ დასჯილი და ჩვენი საქმეებით დაწყებულიყო ახალი ხელისუფლების საქმიანობა, მივედით იქამდე, რომ აქეთ გვკლავენ კრიმინალები და მკვლელები", - ეს განცხადება ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა „მაესტროს" ეთერში გააკეთა. ია მეტრეველი ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:

„ჩემთვის  პასუხგაუცემელია კითხვა -  რატომ მოხდა ისე, რომ ბატონი იურა ვაზაგაშვილი ამდენი ხნის განმავლობაში ასახელებდა გვარებს, სახელებს და არ ხდებოდა რეაგირება? თითქოს ჩვენი ხმა არ ესმოდათ...

 მინდა, შევახსენო ხელისუფლებას, რომლებიც იყვნენ ჩემი თანამებრძოლები. მე მათ მეგობრებად მივიჩნევდი. მთელი 10 წლის მანძილზე ჩვენ ერთად გადავიტანეთ ძალიან ბევრი სირთულე  და ვიდექით ტყვიებში და უბედურებაში. მინდა, მათ გავახსენო, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჩვენი შვილების სურათებით ხდებოდა აქციები. ბუტას არცერთი  სურათი მე არ დამიბეჭდია და არ მიმიტანია იქ, ეს მათი ნება იყო და სწორედ ამ დახოცილი ბიჭების გამო გამოვიდა ხალხი იქ. რატომ მოხდა ისე, რომ ორწელიწადნახევრის განმავლობაში მათ არ ინებეს ამ საქმეების გამოძიება?

ჩვენ ვდგავართ დიდი საშიშროების წინაშე, „ნაციონალური მოძრაობა" სერიოზულად მოძლიერდა, ძალიან ცუდი პროცესები მიდის უკრაინაში.  ყველა ადამიანმა, ყველა ჩვენგანმა,  პირველ რიგში, ჩვენმა ქვეყანამ, უნდა გააცნობიეროს ის, რომ ვართ სერიოზული საფრთხის წინაშე.

მინდა, მივმართო ბატონ ბიძინას - ბატონო ბიძინა, არჩევნების შემდეგ მე ბევრჯერ ვეცადე თქვენთან შეხვედრა, მაგრამ ვერანაირად ვერ მოვახერხე. მე მინდა გაგახსენოთ, რომ როდესაც თქვენ გამოჩნდით პოლიტიკაში, ჩვენ ვიყავით ძალაგამოცლილი, დათრგუნვილი, ქართველ ხალხს მომავლის იმედი აღარ გააჩნდა სააკაშვილის რეჟიმის გამო. თქვენ იყავით როგორც გვირაბში  შუქი და მთელმა საზოგადოებამ ირწმუნა თქვენი, დასძლია შიში,   ერთ მუშტად შეიკრა. მე მაშინ  ყველაზე ბედნიერი ვიყავი. ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ და არ მინდა, რომ ასეთი გამარჯვება წავაგოთ და ისევ დავბრუნდეთ იმ საშინელებაში, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ჰქვია.  ჩვენ კიდევ გვაქვს  თქვენი იმედი, ჩვენ ყველა აბსოლუტურად დაუცველები ვართ, ამ ყველაფერმა შეიძლება მიიღოს სერიული სახე, თქვენ ბევრი რამის უნარი შეგწევთ, გთხოვთ,  დაბრუნდით და გადაგვარჩინეთ" ,-განაცხადა ია მეტრეველმა.