იური ვაზაგაშვილის ცხედარი სამების ტაძარშია დასვენებული

იური ვაზაგაშვილის ცხედარი სამების ტაძარშია დასვენებული

იური ვაზაგაშვილის ცხედარი სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ტაძარში გარდაცვლილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ვაზაგაშვილის ცხედარი 3 დღის განმავლობაში საზოგადოებრივ ცენტრ "ჯაზუში" იყო დასვენებული, საიდანაც ის ერთი საათის წინ გამოასვენეს. ცხედარს სამებიდან დღესვე, 20:00 საათზე, სოფელ ყარაფილაში გადასვენებენ, სადაც ხვალ, 25 იანვარს საკუთარი შვილების გვერდით დაკრძალავენ.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.