ოთარ - ორენჩი მირზოევი - შსს-ს შეუცვლელი კადრი, ვაზაგაშვილის საქმემ გადაიყოლა

ოთარ - ორენჩი მირზოევი - შსს-ს შეუცვლელი კადრი, ვაზაგაშვილის საქმემ გადაიყოლა

შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ოთარ მირზოევმა თანამდებობა დატოვა. როგორც შსს-ში გაგვიმარტებს, ოთარ მირზოევმა თანამდებობა საკუთარი ნებით, განცხადების საფუძველზე დატოვა.

დღეს, თანამდებობა საკუთარი ნებით შს მინისტრმაც დატოვა, მიზეზი ვაზაგაშვილის საქმე გახდა. ოთარ მირზოევის სახელიც ვაზაგაშვილის საქმეს უკავშირდება.  ვინ არის ოთარ, იგივე ორენჩი მირზოევი,  რომლის  სახელსა და გვარს იური ვაზაგაშვილი ყველაზე ხშირად ახსენებდა და რომლის დასჯასაც ითხოვდა?

ოთარ-ორენჩი მირზოევი - შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მუშაობდა.

ოთარ-ორენჩი მირზოევის შესახებ მოძიებული ინფორმაციით ირკვევა, რომ იგი სამართალდამცავ სტრუქტურებში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა, მისი ბოლო დეკლარაცია 2009 წლით თარიღდება.

ოთარ-ორენჩი მირზოევი 2008 წელს  შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი ხდება.

ოთარ-ორენჩი მირზოევი 2009 წელს იგი შსს-ს კრიმინალური პოლიციის პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს.

ოთარ-ორენჩი მირზოევი მნიშვნელოვანი კადრი აღმოჩნდა ახალი ხელისუფლებისთვისაც. ფაქტია, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მისი სამსახურებრივი დაწინაურება მოხდა. 2014 წელს ის ფიგურირებს, როგორც შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

ოთარ-ორენჩი მირზოევი 2006 წელს კოდორის სპეცოპერაციის დროს, როგორც პოლიციელი, თავს დაზარალებულად თვლიდა. 2014 წელს ემზარ კვიციანის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ 2006 წლის კოდორის სპეცოპერაციის დროს, მან მორალური ზიანი მიიღო. კერძოდ, იმის გამო, რომ ქართველი ქართველს ესროდა. მაშინ ამაზე კვიციანმა უპასუხა, რომ ამის გამო პასუხი სპეცოპერაციის დამგეგმავებისთვის უნდა მოეკითხა.

ოთარ-ორენჩი მირზოევი  თავის ბოლო პრესკონფერენციაზე, 2014 წლის 15 იანვარს,  კიდევ ერთხელ ახსენა იური ვაზაგაშვილმა:

„დღეს უშუალოდ მე მივმართავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით ყველამ, რომ ჭიკაიძე მფარველობს ამ მკვლელებს და  შსს სავსეა ზონდერებით და იმ დამნაშვეებით. ვინც ეს საშინელება ჩაიდინა, მათი 80 % თანამდებობებზეა", - ეს განცხადება  იური ვაზაგაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გააკეთა. ეს იყო იური ვაზაგაშვილის ბოლო პრესკონფერენცია.

ციტატა იური ვაზაგაშვილის ბოლო პრესკონფერენციიდან: „ოთარ მირზოევი გინდა, დალაქიშვილი ქალაქის სამმართველოს უფროსი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამსახურიდან მოხსენეს, როგორც ამბობენ პირადი განცხადების საფუძველზე გაუშვეს. მაგრამ მოადგილე, იგივე სამარღანიშვილი, იგივე ჩემი შვილის მკვლელობის მონაწილე, მირზოევი, ჭანუყვაძე გინდა, გლდანი-ნაძალადევის დეპარტამენტის უფროსები, ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები, პროკურატურა სავსეა ამ დამნაშავეებით".

ამ განცხადების გაკეთებიდან მე-5 დღეს იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონში სოფელ ყარაფილაში შვილის საფლავზე ააფეთქეს.

ვაზაგაშვილის დასახელებული პიროვნებებიდან ამ დრომდე რჩებიან თანამდებობებზე შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები.