იმის თქმა, რომ ყველა, ვისზეც ვაზაგაშვილი ლაპარაკობდა, დამნაშავეა, სწორი არ იქნება

იმის თქმა, რომ ყველა, ვისზეც ვაზაგაშვილი ლაპარაკობდა, დამნაშავეა, სწორი არ იქნება

იმის თქმა, რომ ყველა ვისზეც იური ვაზაგაშვილი ლაპარაკობდა, დამნაშავეა, სწორი არ იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

მისი თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც არიან უშუალოდ დამკვეთები და მონაწილეები, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ და არიან ადამიანები, რომელთა ბრალიც შესაძლოა, ვერ დადასტურდეს.

"მე და იური ვაზაგაშვილი ვსაუბრობდით ერთ-ერთ ადამიანზე, რომელზეც ის ამბობდა, რომ მონაწილეობდა მისი შვილის მკვლელობის ოპერაციაში და დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. მაგრამ მე მქონდა საბუთები და თავად ეს ადამიანიც (რომელიც მუშაობდა სასჯელაღსრულების სამინისტროში და შემდეგ დატოვა თანამდებობა) ამტკიცებდა, რომ ოპერაციაში მართლაც იღებდა მონაწილეობას, მაგრამ როდესაც კორტებთან ტრაგედია მოხდა, ის ამ დროს თავის ჯგუფთან ერთად ისნის მეტროსთან იმყოფებოდა. არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ დამკვეთები და მონაწილეები არიან და რომლებმაც პასუხი უნდა აგონ და არიან ადამიანები, ვისზეც ბატონ იურის შეიძლებოდა ეჭვი ჰქონოდა, მაგრამ მათი ბრალი ვერ დადასტურდეს. დღეს იმის თქმა, რომ ყველა ადამიანი, ვისზეც ბატონი იური ლაპარაკობდა დამნაშავეა და ციხეში უნდა იჯდეს, არ იქნება სწორი, მაგრამ გამოძიება რომ უნდა დასრულდეს ძალიან ჩქარა, ამაზე მთელი საქართველო თანხმდება", - განაცხადა სუბარმა. მისივე თქმით, ყველას პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც მონაწილეობა მიიღო 2006 წლის 2 მაისის დანაშაულში.

სოზარ სუბარმა კომენტარი გააკეთა ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომაზეც და მან ეს ნაბიჯი მორალურად გამართლებულად და ვაჟკაცურად შეაფასა. "ჭიკაიძემ მიიღო მორალურად სწორი და გამართლებული გადაწყვეტილება, ეს ამ სიტუაციიდან არ იყო ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ ეს იყო მორალურად სწორი გადაწყვეტილება. მან დაადასტურა, რომ ვაჟკაცი ადამიანია, მას არ უნდოდა ჩრდილი მიეყენებინა ხელისუფლებისთვის", - განაცხადა სუბარმა.