დღეს რუსეთმა აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

დღეს რუსეთმა აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

დღეს რუსეთმა გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი აფხაზეთის, ჩვენი მიწა-წყლის ანექსიის რეალურად განხორციელების მიმართულებით. ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა ალექსი პეტრიაშვილმა რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ყველამ კარგად უნდა გაათვითცნობიეროს, რომ რუსეთი თავის გეგმას მიუყვება და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ანექსიას ახორციელებს იმასთან ერთად, რომ 20 პროცენტი ოკუპირებულია.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ კიდევ უფრო მეტად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. "ჩვენ ვერ ვხედავთ უმაღლეს დონეზე კონტაქტებს. საქართველოს ხელისუფლების მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა კიდევ უფრო მეტი სიმწვავით იყოს დაყენებული აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიების მიტაცების, ანექსიის მცდელობის საკითხი. არ არის კონტაქტები ევროპის ქვეყნების ლიდერებთან, აშშ-ის ლიდერებთან, რათა უმაღლეს დონეზე იყოს აწეული ეს პრობლემა", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

მან ნატო-ში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნის გაჭიანურებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პოზიცია. მისივე თქმით, მაშინ, როცა შესაძლოა, საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდებოდეს ელჩი ნატო-ში, გადაწყვეტილება მიღებული არ არის. "ეს ემოციურ-სოლიდარული გაუგებრობაა. გააზრებული გაჭიანურება, თუ კონკრეტული კადრის მოძიების უუნარობა – არავითარ შემთხვევაში ეს გამართლებას არ აძლევს, ცალკეულ შემთხვევაში დამატებით ამძიმებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.