საგარეო უწყება მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო ზეწოლა მოახდინონ რუსეთის ფედერაციაზე

საგარეო უწყება მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო ზეწოლა მოახდინონ რუსეთის ფედერაციაზე

საგარეო საქმეთა სამინისტრო "ყირიმის ოკუპაციის ტოლფასი „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. „ხელშეკრულების" რატიფიკაციის გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს.

უწყების განცახდებაში ნათქვამია, რომ კრემლის ეს ქმედება წარმოადგენს საქართველოს განუყოფელი ნაწილის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს, რითაც რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.

"აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და არ შეიძლება წარმოადგენდეს დამოუკიდებელი საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, შესაბამისად, ნებისმიერი სახის მცდელობა, გაფორმდეს აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკასთან ე.წ. „ხელშეკრულება" საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა, არ შეიძლება წარმოშობდეს რაიმე სამართლებრივ შედეგებს და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა სახელმწიფოს სუვერენიტეტი, საზღვრების ურღვევობა, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება",-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის ამ ქმედებას და სათანადო ზეწოლა განახორციელონ რუსეთის ფედერაციაზე.

"საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის დესტრუქციული ქმედებების აღსაკვეთად",-აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს, რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ 2014 წლის 24 ნოემბერს სოჭში, მოსკოვსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.