ალექსანდრე ჭიკაიძე კი არ გადადგა, მოხსნეს, - ეს განცხადებას საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა, ნინო გოგუაძემ გააკეთა.
დეპუტატის შეფასებით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, "მხოლოდ ჭიკაიძის მოხსნა საკმარისი არ არის და მომხდარზე პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც უნდა აიღოს". ნინო გოგუაძის აზრით, დაკავებული თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილმაც უნდა დატოვოს.
"ალექსანდრე ჭიკაიძე მოხსნეს. ზუსტად ვიცი, როგორც ხდება ასეთი გადადგომები. ძალიან კარგია, რომ ჭიკაიძე მოხსნეს, მაგრამ საკმარისი არ არის. ქვეყანაში შექმნილია ძალიან მძიმე კრიმინოგენური ვითარება, რომელიც ჩვენი თანამებრძოლის, იური ვაზაგაშვილის წარმოუდგენლად ცინიკური აფეთქებით დასრულდა. ეს არ შეიძლება მარტო ალექსანდრე ჭიკაიძის ბრალი იყოს. მომხდარი მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების ბრალია. თუკი სურთ შექმნილი ვითარების გამოსწორება, უნდა შეიცვალოს მართვის პრინციპი და სხვა უფრო სერიოზული საკადრო გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი", - აცხადებს ნინო გოგუაძე.