გამოცდილმა ქართველმა დიპლომატმა თავისი ქვეყნის მშფოთვარე პოლიტიკურ სივრცეში შესვლა გადაწყვიტა. ეს ის მძიმე გადაწყვეტილება იყო, რომელიც უნდა მიმეღო, ამბობს თედო ჯაფარიძე.
გასული წელი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის რთული გამოდგა. 2011 წლის დასაწყისშივე მძიმე გარემოებებში აღმოვჩნდი, გარემოებებში, რომლებიც ქართული მთავრობის დიპოლმატიურ და პოლიტიკურ შურისძიებას უფრო წააგავდა. ამ მოვლენათა კულმინაციად იქცა ჩემი დათხოვნა საქართველოს დიპლომატიური კორპუსიდან იმ დროს, როდესაც მე ჯერ კიდევ ვმუშაობდი შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრში (ICBSS). ჩემს დიპლომატიურ პასპორტთან განშორება ძნელი იყო, რადგან ქვეყანამ, რომლის სამსახურსაც ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები შევალიე, ეჭვქვეშ დააყენა არა ჩემი უნარები, ან გამოცდილება, არამედ ჩემი პატიოსნება. კარიერის შეცვლა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ჩემი პატიოსნების ეჭვქვეშ დაყენება – უდიდესი პრობლემაა ჩემთვის.
2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მე ოპტიმისტური განწყობისათვის ბევრი მიზეზი მქონდა: წვრილმან კორუფციას მთელი ძალით შეუტიეს, საგარეო პოლიტიკამ შეინარჩუნა არსებული მდგრადობა, ხოლო ეკონომიკა ტრანსპარენტული ხდებოდა. იმედისმომცემი ინოვაცია ჯანსაღ პოლიტიკური პროცესის უწყვეტობასთან თანაარსებობდა. აი, ეს მსურდა ყველაზე ძალიან, რადგან მე სულით ხორცამდე წარსულის გამოცდილების განცდით განმსჭვალული დიპლომატი ვარ და არა „რევოლუციისათვის გამოსადეგი მასალა“. თუმცა მოგვიანებით, გზადაგზა, ისეთი განცდა გამიჩნდა, რომ ამ მიმართულებას საკმაოდ ავცდით.
დღევანდელი ქართული რეჟიმი სტაბილურია - სამწუხაროდ, ზედმეტად სტაბილური. ეს სტაბილურობა არ ეფუძნება espirit d’corps, არამედ გარანტირებულია და „გამაგრებულია“ იმით, რომ მუდმივად კონტროლდება თითოეული საჯარო გამოსვლა, მოსაზრება ან ქმედება, რომელიც, სულ ცოტა, შესაბამისობაში არ მოდის გაბატონებული პოლიტიკური კლასის, უფრო სწორად კი, პრეზიდენტის ხედვებთან და ნებასთან. მოკლედ რომ ვთქვათ – ეს არ არის იერარქიულად ჩამოყალიბებული რეჟიმი – ეს პერსონალურ ლოიალობაზე აგებული რეჟიმია და ჩემი პრობლემაც მის მიმართ სწორედ ამაში მდგომარეობს.
მეგობრული ურთიერთობები მკაფიოდ ჩამოყალიბებულ განზრახვებს ეფუძნება. მე კი ახლა, მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში, განზრახული მაქვს ოპოზიციის რიგებს შევუერთდე, კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილს, ახალ სახეს საქართველოს საკმაოდ დანაღმულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ეს კი ჩემგან აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიიდან წამოსვლას მოითხოვდა, აკადემიიდან, სადაც მე ეს ბოლო თვეები ვმუშაობდა და რომელშიც მსოფლიო კლასის ბევრი ისეთი პროფესიონალი მუშაობს, რომ მათი მომართვა ჩემდამი – „კოლეგა“, ჩემთვის დიდი პატივი იყო. მაგრამ იქ დარჩენით, აშკარად შეიქმნებოდა ინტერესთა კონფლიქტის პრობლემა. მე ახლა, ცოტა არ იყოს დანაშაულის განცდით ვფიქრობ იმათზე, ვინც გვერდით დამიდგა ამ მძიმე დროს, როდესაც უმუშევარი დავრჩი და ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა მანდო, (განსაკუთრებით ეხება ეს ელჩს ჰაფიზ ფაშაევს, აკადემიის რექტორს და ჩემს ძალიან ახლო მეგობარს და თანამოაზრეს). მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, მე ჩემი ქვეყნის ნაციონალური ინტერესებისადმი მსახურების ჟინით ვარ შეპყრობილი.
მე თუ ახლა პოზიციას ხისტად არ გამოვხატავ, მაშინ ქვეყნისადმი მსახურებით აღსავსე ჩემი ცხოვრება, აზრს დაკარგავს. მინდა პირდაპირ გითხრათ – მე მხოლოდ „ნორმალურ ქვეყანაზე“ ვოცნებობ, ისეთზე, სადაც: არჩევნების წაგება დასაშვებია; სადაც ნაცვლად პირადი ლოიალობისა და ძალაუფლების პირველყოფილი გაყოფის ინსტინქტებისა, ადმინისტრაციული აპარატი აცნობიერებს სუბორდინაციული ჯაჭვის არსებობას და პასუხისმგებლობანი ცნობიერადაა გადანაწილებული; მე ვოცნებობ ისეთ საგარეო პოლიტიკაზე, სადაც საქართველო ჩვენი მოკავშირეებისადმი ლოიალობის მარტივი დეკლარირებით კი არ შემოიფარგლება, არამედ იმოქმედებს ჩვენი ნაციონალური ინტერესებისათვის და ზუსტად დაინახავს თავის როლს და ფუნქციას რეგიონში, იმის მაგიერ, რომ მუდმივად „პრობლემურ“ ქვეყნად განვიხილებოდეთ. აი ამ ნორმალური ქვეყნისთვის უნდა დავიკავო მე ცხადი პოზიცია, რაც ჩემს ცხოვრებაში პირველად არ ხდება.
გზაში
როგორი იქნება ჩემი როლი კონკრეტულად ამ ოპოზიციაში, ან მოსალოდნელ გარდამავალ პერიოდში, ზუსტად ჯერ არ ვიცი. ერთი რამ ცხადია: რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს იქნება საარჩევნო ჭიდილი, და არა რევოლუცია, ბრძოლა საქართველოსთვის და არა კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რადგან მიზანი ისაა, რომ ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა და ეროვნული უსაფრთხოება ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს. ნებისმიერი ასეთი საარჩევნო გამარჯვების შემდეგ, ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს და არც ექნება არანაირ წმენდებს, არც ნულიდან ახალი საზოგადოების შექმნის განზრახვას და არც ნეობოლშევიკურ ფანტაზიებს სოციალურ ინჟინერიაზე.
ჩემთვის ნორმალიზაცია ნიშნავს ჯანსაღ პოლიტიკურ მდგრადობას და აუცილებელ რეფორმებს. უნდა ვიზრუნოთ უძვირფასეს ადამიანურ რესურსებზე, რომლებიც საქართველოში აკუმულირდა 1990-იანი წლებში მოპოვებული დამოუკიდებლობისა და „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ; უნდა შევინარჩუნოთ ისეთი ინსტიტუტები და პროექტები, რომელთა გამოცდილებაც სანდოა; ახალი თვალით შევხედოთ იმას, რაც მოითხოვს უარყოფას ან ცვლილებას. მაგრამ შიში არ უნდა გახდეს პოლიტიკური ფაქტორი, როდესაც ცვლილება მართლაც აუცილებელია. როგორც უკვე გითხარით, მე არ ვარ „რევოლუციური მასალა“.
მე ვიცი, რომ ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მხოლოდ რთული მოგზაურობა როდი იქნება. უფრო მეტიც, მე არ ვარ ბოლომდე დაცული, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოსთვის არ არის ძალიან უცხო ოპოზიციონერების ცილისწამებისა და აშკარა დაშინების პრაქტიკა. მაგრამ მე მაინც უკეთესის იმედი მაქვს, იმიტომაც ჩავები ამ მომნუსხველ მოგზაურობაში, რომ ვიმედოვნებ და მჯერა, საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ უფრო სტაბილურ და უსაფრთხო მომავალს.
მათ, ვინც ამ იმედებს იზიარებს, მე მათ მხარდაჭერას ვთხოვ. მათ კი, ვისთვისაც პოლიტიკური აქტივისტის როლი ჩემთვის უჩვეულოდ მოეჩვენება, გაგებას ვთხოვდი.
ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი: ამ გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო ჩემს პოლიტიკურ ამბიციებთან და ყველაფერი იმ იმედებთან არის დაკავშირებული, რომელსაც მე ჩემი ქვეყნის მომავალს ვუკავშირებ.
foreignpress.ge