საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი შს მინისტრის თანამდებობიდან ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომას მიესალმება.
როგორც ქუცნაშვილმა "პირWელს" განუცხადა, მინისტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან თანამდებობაზე ყოფნა, გარდა იურიდიული პასუხისმგებლობისა, მორალური პასუხისმგებლობაც იყო.
"ასე რომ, მე მივესალმები ამ პასუხისმგებლობით მიღებულ გადაწყვეტილებას. სხვებისგან განსხვავებით, მე არ მაკლია არც თავისუფლება და არც სითამამე - საზოგადოება ინფორმირებულია ჩემი პოზიციის შესახებ, რომ გამოძიების გაჭიანურება, მხოლოდ ერთ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს - ხელის დაფარებას დამნაშავეებისათვის",-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, გამოძიებამ უნდა გვაჩვენოს, იყო თუ არა გამოძიების გაჭიანურების მიზეზი ჭიკაიძე.
"მე ვერ დავარღვევ ჭიკაიძის უდანაშაულობის პრეზუმფციას. ფაქტია, რომ ალექსანდრე ჭიკაიძეს ბატონი იური ვაზაგაშვილი აბრალებდა, რომ ის მფარველობდა ზურა ვაზაგაშვილთან დაკავშირებული სპეცოპერაციის მონაწილე პირების მფარველობას, მაგრამ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, სწორია თუ არა ეს ბრალი. ამიტომ, მე მივესალმები, ამ ეტაპზე, მის მორალურ გადაწყვეტილებას. დანარჩენი უნდა გვაჩვენოს გამოძიებამ - ხელოვნურად ხდებოდა ეს გაჭიანურება; თუ არსებობდა რაიმე ობიექტური მიზეზი; ამ გაჭიანურების მიზეზი იყო მინისტრი ჭიკაიძე თუ სხვა ძალოვანი უწყების ჩინოსანი", - განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობა დატოვა. მან პრემიერ-მინისტრს გადადგომის თხოვნით ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმართა და აღნიშნა, რომ თუ ვაზაგაშვილის მკვლელობის ცხელ კვალზე გამოძიება მოხდებოდა, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.