„თავისუფალი დემოკრატების" შეფასებით, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე სამ ძირითად კრიტერიუმს - პროფესიონალიზმს, წესიერებას და პრინციპულობას უნდა აკმაყოფილებდეს.
ვიქტორ დოლიძის განმარტებით, ქვეყნის პირველ პირს აღნიშნულ კრიტერიუმებთან დაკავშირებით დღევანდელ შეხვედრაზე საკუთარი პოზიცია გააცნეს.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, რომ გადაწყვიტა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კრიტერიუმებს, ჩვენ ის სამ ეტაპად დავყავით. „თავისუფალი დემოკრატების" აზრით, კრიტერიუმები უნდა უკავშირდებოდეს პროფესიონალიზმს, წესიერებას და პრინციპულობას. აბსოლუტურად ადეკვატურად იქნა ეს აღქმული პრეზიდენტის მხრიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის სწორედ ამ პრინციპებს დაეფუძნება, რადგან მისი პოლიტიკური ნება ამას ნამდვილად ემყარება", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.