„ქართული ელიტა ახალ რეალიებს - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას უნდა შეეგუოს", - ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა რუსეთ-აფხაზეთის მოკავშირეობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიცირების დროს, სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას.
რუსი დიპლომატის თქმით, უკანასკნელ ხანს საქართველოსა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე შედარებითი სიმშვიდე შეიმჩნევა: „ერთმანეთთან კავშირები აქვთ სამართლადამცველ ორგანოებს, მესაზღვრეებს. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ატმოსფერო უფრო ჯანსაღი გახდა", - აღნიშნა გრიგორი კარასინმა, - „საქართველო უფრო გონივრულად უყურებს რუსეთთან დამოკიდებულებას". ამასთან, როგორც რუსმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, „ქართული ელიტა უნდა შეეგუოს ახალი რეალიების არსებობას. ეს ის რეალიებია, რომელთაც ანგარიში აუცილებლად უნდა გაეწიოს".
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთთან ხელმოწერილი სამოკავშირეო ხელშეკრულება ფაქტობრივად უფრო ავითარებს და აღრმავებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ მოსკოვსა და სოხუმს შორის დადებულ შეთანხმებას. „ეს იყო სრულიად განსაზღვრული რეაქცია მიხეილ სააკაშვილის დანასაულებრივ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიმართულ შეტევაში გამოიხატა. ყოველივე ამან საქართველო იქამდე მიიყვანა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იქნენ აღიარებულნი... ასე რომ, ჩამოყალიბდა ახალი რეალური სიტუაცია, რომელიც თბილისში ძალიან მწვავედ აღიქვეს. მას შემდეგ ექვსი წელი გავიდა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო ცხოვრების ნაწილად იქცნენ".
გრიგორი კარასინმა სახელმწიფო სათათბიროს წევრებს ამიერკავკასიაში უსაფრთხოების შესახებ ჟენევის დისკუსიების ახალი რაუნდის დაწყების ვადა აცნობა: „საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ერთმანეთს რეგულარულად ხვდებიან. მორიგი შეხვედრა მარტში გაიმართება".
http://itar-tass.com/politika/1716836