ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი ირმა ჭკადუა ვარაუდობს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე ორ-სამ კვირაში გაიხსნება.
მისი განცხადებით, ვაზაგაშვილების საქმეზე ადვოკატებს პროკურატურაში ჰქონდათ შეხვედრა, მათ გამომძიებლებს ის დეტალები მიაწოდეს, რაც იური ვაზაგაშვილს არ ჰქონდა მიწოდებული.
„პროკურატურაში მოხდა ინფორმაციის გაცვლა. მათ აინტერესებდათ ჩვენს მიერ მიწოდებული ყველა დეტალი, თუკი არის ისეთი, რაც ბატონ იურის არ ჰქონდა მიწოდებული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ გეტყვით. მე პირადად, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან მიმართებაში. ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ დაახლოებით ორ-სამ კვირაში ეს საქმე გაიხსნება", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ადვოკატის თქმით, ოჯახის ახლობლების მოთხოვნაა, რომ ვიდრე ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე სრულად არ იქნება გამოძიებული, ყველა ის ადამიანი, ვინც 2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციასთან პირდაპირ თუ ირიბად იყო დაკავშირებული, დროებით მაინც იქნან თანამდებობიდან გადაყენებული.